ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ: ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების განხილვა COVID-19-ის პირობებში

თარიღი: სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2020 წელი

წლევანდელი ღია კარის დღის ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურად გაიმართა, ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
წლევანდელი ღია კარის დღის ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ქალთა საკითხებზე მომუშავე 60-მდე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

უკვე მეშვიდე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სისტემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს.

წლევანდელი ღია კარის დღის ღონისძიებაში, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ქალთა საკითხებზე მომუშავე 60-მდე სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დევნილები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს სისტემის მაღალი რანგის პირები, რომლებიც საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში არიან ჩართულები. ღია კარის დღის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელი აიშე ჯიჰან სულთანოღლუ და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი ანგარიშით წარსდგნენ.

აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალების როლის გაძლიერება გაეროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტია და მათი ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა მდგრადი მშვიდობის მიღწევის გარანტიას წარმოადგენს. „განსაკუთრებით წელს, უპრეცედენტო კრიზისის დროს, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის პროგრესი უკუქცევის რისკის ქვეშ დადგა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, გააქტიურდეს მუშაობა, რათა ქალები სამშვიდობო პროცესების ცენტრში მოექცნენ“,- განაცხადა მან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა (გაერო, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და ევროკავშირი) ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომლის საბოლოო მიზანსაც აღნიშნულ პროცესში ქალების სრული, თანაბარი და ეფექტიანი მონაწილეობის მიღწევა წარმოადგენს.

გამართულ შეხვედრაზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა პანდემიის პირობებში მდგარ მწვავე პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. კერძოდ, გამოიკვეთა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში არსებული მძიმე სიტუაცია, პირველად ჯანდაცვაზე, სხვა ძირითად საჭიროებებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ინტერნეტსა და მობილურ კავშირზე შეზღუდული წვდომა, ტრანსპორტირების პრობლემა, სოფლებში სამედიცინო და სასურსათო მარაგების არარსებობა, ზოგადად, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური ვითარება დევნილთა თუ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებსა და მათ მიღმა, განსაკუთრებით, გალისა და ახალგორის რაიონებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის, “სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ,” ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმებისა და ქალების ინფორმირებული მონაწილეობის მნიშვნელობას, სადაც არა მხოლოდ ქალთა ორგანიზაციებს, არამედ თავად დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს ეძლევათ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. „მიუხედავად ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, აუცილებელია, ქალების მონაწილეობა გავლენის მომხდენი და ეფექტიანი იყოს, რაც ამ დრომდე გამოწვევად რჩება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ძლიერი და ქმედითი ანგარიშგების მექანიზმის შემუშავება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება წინადადებების წინასწარ შემუშავება და გადაწყვეტილებების მიმღებთათვის გაზიარება, შემდგომ კი შესაბამისი რეაგირების შესახებ ანგარიშის მოსმენა“,- განაცხადა მან.

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ელიკო ბენდელიანმა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში ახალგაზრდა ქალების მონაწილეობის ნაკლებობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მათი სამშვიდობო ინიციატივების წახალისებასა და ხელმისაწვდომი მექანიზმების შექმნას, რაც სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსზე ახალგაზრდების წვდომას გაზრდის.

შეხვედრის ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ საბედაშვილმა წამოაყენა ინიციატივა წარმოდგენილი საკითხების თემატური დაჯგუფებისა და მთავრობის შესაბამის წარმომადგენლებთან მათი განხილვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის შესახებ, რასაც მონაწილეებიც დაეთანხმნენ.

ღია კარის ღონისძიების შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები გაეროს სისტემას აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც იგი, გაეროს შესაბამისი სააგენტოების, პროგრამების, ფონდების, უწყებების მანდატების, გაეროს მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობისა და ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ადგილობრივ პარტნიორებს, განსაკუთრებით ადგილობრივ თემებსა თუ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს უწევს მხარდაჭერას.