ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ტრადიცია გრძელდება: თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

თარიღი: ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2020 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება.

ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები