საკუთარი ბიზნესი 60 წლის შემდეგ

თარიღი: ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2020 წელი

მალეიკა ალიევა და სოლმაზ ჰასანოვა საკუთარ ნაწარმს წარადგენენ. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა აზერბაიჯანში
მალეიკა ალიევა და სოლმაზ ჰასანოვა საკუთარ ნაწარმს წარადგენენ. ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა აზერბაიჯანში

მალეიკა ალიევა და სოლმაზ ჰასანოვა 40 წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. აზერბაიჯანში, ქალაქ საბირაბადის მეოთხე საშუალო სკოლაში მალეიკა - რუსულ ენასა და ლიტერატურას, სოლმაზი კი აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 2017 წელს თანატოლი კოლეგები პენსიაზეც ერთდროულად გავიდნენ. სკოლის გარეშე ორივეს იმდენად გაუჭირდა, რომ იმ პერიოდს ახლაც მტკივნეულად იხსენებენ. „მოსწავლეებთან განშორება რთული იყო. მეგონა, ყველაფერი დასრულდა, ცხოვრების ხალისი და მოტივაცია გამიქრა“, - ამბობს მალეიკა. „ძნელია წარმოიდგინოთ, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის უმუშევრობა. თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი, ენთუზიაზმი დავკარგე“, - დასძენს სოლმაზი.

თუმცა, ყოფილი თანამშრომლები ერთმანეთთან ურთიერთობას არ წყვეტდნენ. ერთხელაც მალეიკამ სოლმაზს საბირაბადის ქალთა რესურსცენტრის შესახებ უამბო. „მე თვითონ ცენტრის შესახებ სხვა მასწავლებლისგან შევიტყვე, დავინტერესდი და მივედი. იქ მოკლე კურსის დაორგანიზება შემომთავაზეს. 5 ქალს რუსულს ვასწავლიდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მათ განათლების მიღებაში ვეხმარებოდი. ვგრძნობდი, რომ სიცოცხლის ხალისი და მოტივაცია მიბრუნდებოდა“, - იხსენებს მალეიკა. მალე სასწავლო ინიციატივებში ჩართვა და ტრენინგების გავლა მასაც შესთავაზეს. მალეიკას კი მაშინვე სოლმაზი გაახსენდა, ამ შესაძლებლობის შესახებ მეგობარს შეატყობინა და ცენტრშიც წაიყვანა. 67 წლის ასაკში ყოფილმა თანამშრომლებმა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყეს.

საბირაბადის რესურცენტრი, ბაქო ხაზარისა და გუსარის რესურსცენტრებთან ერთად, წარმოადგენს სივრცეს, რომელიც ქალების მეწარმეობისა და თვითდასაქმების განვითარებას, შესაძლებლობების გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდას ემსახურება. სამივე მათგანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრეობების დაფინანსებით ხორციელდება. რესურცენტრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქალებისთვის, განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლის მქონე და სოციალურად დაუცველი ქალებისთვის ტრენინგებისა თუ პროფესიული მასტერკლასების შეთავაზება და მათთვის საკუთარი საქმის დაწყებაში მხარდაჭერაა. სწორედ ამ ინიციატივაში ჩაერთნენ მალეიკა და სოლმაზიც, რომლებმაც ბიზნესის განვითარებისა და მდგრადობის, ფინანსების, რისკების მართვის, საგადასახადო საქმის, შეფუთვის, ბრენდინგისა და ლოგოს დიზაინის ტრენინგები გაიარეს. მათი ჩათვლით გასულ წელს ინიციატივაში სულ 76 ქალი მონაწილეობდა.

„როცა ბიზნესის დაწყების შესახებ ტრენინგს დავესწარი, მომინდა, საკუთარი თავისთვისაც მიმეცა შანსი. რატომაც არა? - გავიფიქრე და ჩემი სურვილი, რა თქმა უნდა, სოლმაზს გავანდე. კარგად ვამზადებ, ჩემი სალათები, მწნილი და წვენები ყველას მოსწონს. სოლმაზიც შესანიშნავი კულინარია, ამიტომ ამ მიმართულებით საქმიანობის დაწყებაზე შევჯერდით. ვღელავდით, რადგან 67 წლის ასაკში ასეთი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, თუმცა გადავწყვიტეთ, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მაინც მიგვეღო“, - ჰყვება მალეიკა.

აღმოჩნდა, რომ კონკურსის ბოლოს გამარჯვებულად სწორედ ყოფილი კოლეგების იდეა დასახელდა. მალეიკამ და სოლმაზმა პროექტისგან ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო მოწყობილობებიც მიიღეს, მერე სივრცე გაარემონტეს და მწნილის, ჯემისა და წვენების წარმოება დაიწყეს. ბრენდს „ბებიები“ დაარქვეს, ლოგოს შექმნაში კი ტრენერი დაიხმარეს. გადაწყვიტეს, წარმოებისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები გამოეყენებინათ.

„მინდა, ქალებს ვუთხრა, რომ საკუთარი საქმის დაწყება არასდროსაა გვიანი. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემმა მეზობელმა როზამაც მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ისიც პენსიონერია და იმედია, მისი, როგორც ფლორისტის, საქმიანობა წარმატებით გაგრძელდება“, - ამბობს მალეიკა.

ქალებს სურთ, რომ სერტიფიკატი აიღონ და საკუთარი პროდუქტები სუპერმარკეტების თაროებზე არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იხილონ.