ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ონალინფორმატში გრძელდება

თარიღი: პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2020 წელი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით, ქალთა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შემდგომ კი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ მონაწილეებს გასული ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ძირითადი მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ქალთა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა ვრცლად განიხილეს ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. კერძოდ, ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა COVID-19-ის პანდემიის დროს მედიკამენტებზე, პირველად ჯანდაცვასა და ზოგადად სამედიცინო დახმარებაზე წვდომა, ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა - ინტერნეტიზაცია და მობილური კავშირის გაძლიერება, ასევე, თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა. ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში ე.წ. გადასასვლელი პუნქების გახსნის აუცილებლობაზე, რათა პენსიებისა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარების მიღება, სხვა აუცილებელ სახელმწიფო სერვისებსა და ზოგადად პირველად საჭიროებებზე წვდომა გალში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც გახდეს შესაძლებელი. კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ ხაზი გაუსვა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ალტერნატიული მოწყობის საჭიროებას და IPRM-ის წარმომადგენლებს თერმოსკრინინგისა და სწრაფი ტესტების შემოღება შესთავაზა, რათა ადამიანებს კორონავირუსის პირობებში მიმოსვლა, საჭირო სერვისების მიღება და პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება გაუმარტივდეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები და ჩვენი, როგორც გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გადაწყვეტილების მიმღებებ პირებთან პირდაპირი დიალოგის ფორმატში გატანა. ასეთი შეხვედრების დროს უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ქალები განსაკუთრებით გრძნობენ თემის საჭიროებებს. ამის კარგი მაგალითია ჩვენ მიერ წამოჭრილი კონკრეტული საჭიროებებია. შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ ის საკითხები, რომლებიც ამ შეხვედრებზე ჟღერდება, არასდროს რჩება უყურადღებოდ“,- განაცხადა სოფელ განმუხურის მკვიდრმა თამარ ქანთარიამ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში ტარდება და მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები