გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალები კომპიუტერულ უნარებსა და კიბერსაფრთხეებთან გამკლავებას სწავლობენ
თარიღი:
33 წლის ნინო მინდიაშვილს დღემდე მძიმედ ახსოვს ისტორია, როცა კიბერთავდასხმას მისი ელექტრონული ფოსტა და სოციალური ქსელის ანგარიში ემსხვერპლა. ონლაინსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ საკუთარი ნეგატიური გამოცდილებიდანაც იცის, თუმცა მიაჩნია, რომ ახლა, როცა პანდემიამ ინტერნეტის გამოყენების მასშტაბი გაზარდა და ბევრმა საქმიანობამ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, უნარ-ჩვევებმა, რომლებიც ონლაინსივრცეში უსაფრთხოებისთვისაა საჭირო, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
მართლაც, COVID-19-მა კიბერუსაფრთხოების წესების ცოდნა გამორჩეულად აქტუალური გახადა, მით უმეტეს, ქალებისთვის, რომლებიც გამყოფ ხაზებთან ცხოვრობენ და არა მარტო სათანადო ცოდნაზე, არამედ ინტერნეტსა თუ გაჯეტებზეც ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ნინო მინდიაშვილიც ერთ-ერთი მათგანია. იგი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონში, სოფელ ნიქოზში, გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში, 7 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს და მცირე ბიზნესს უძღვება. პარალელურად, ნინო დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთანაც“ თანამშრომლობს. ამ ზაფხულს სწორედ ასოციაციისგან შეიტყო, რომ აგვისტოსა და სექტემბერში გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ქალებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგები ტარდებოდა და ინიციატივაში ენთუზიაზმით ჩაერთო.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ინტერნეტ უნარ-ჩვევების, კიბერუსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვის, ონლაინსივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელების, კიბერძალადობისა და შევიწროების შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ნინოს ჩათვლით, მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ჩატარებულ ტრენინგებს 68 ქალი დაესწრო.
„ძალიან საინტერესო და აქტუალური თემატიკა იყო - კიბერბულინგი, სპამი, ფიშინგი. ტრენინგზე ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ელექტრონულ ფოსტაზე „მიმზიდველი“ წინადადებების მიღების დროს, რომლებიც სინამდვილეში ფიშინგია, როგორ დავიცვათ სოციალური ქსელების ანგარიშები, როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო პაროლი და ა.შ.“, - ამბობს ნინო და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად ტრენინგს ის ქალებიც ესწრებოდნენ, რომლებიც თემებში ლიდერები არიან, მათ შორის მასწავლებლები. „ამ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის გავრცელება, თუნდაც მოსწავლეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ღირებული ცოდნაა“, - დასძენს ნინო.
მონაწილეებმა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს, რომლებიც მათ ტექნოლოგიების გამოყენებაში, ინფორმაციის მიღებაში, ონლაინსერვისებსა და სხვადასხვა შესაძლებლობის გამოყენებაში დაეხმარება. ამას გარდა, ქალებს საშუალება ექნებათ, პანდემიის პირობებში დისტანციურად მიმდინარე დისკუსიებსა და ღონისძიებებშიც აქტიურად ჩაერთონ.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტზე წვდომის გაზრდის მიზნით, ტრენინგის მონაწილე ქალების ინტერნეტპაკეტებით, საჭირო კომპიუტერული და მობილური ტექნიკით უზრუნველყოფაცაა გათვალისწინებული. ინიციატივა ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მხარდაჭერა, COVID-19-თან ადაპტირებისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა გრძელვადიანი შედეგების ინფორმირებისთვის” ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.