ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული პოლიტიკის განსახორციელებლად შესაძლებლობები ძლიერდება

თარიღი:

ათეა-ს წარმომადგენლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მუნიციპალიტეტების როლზე მსჯელობენ. ფოტო: ათეა
ათეა-ს წარმომადგენლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მუნიციპალიტეტების როლზე მსჯელობენ. ფოტო: ათეა

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრირებას უჭერს მხარს და ამ მიზნის განსახორციელებლად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში გენდერულ მეინსტრიმინგზე შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტშია გათვალისწინებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 28-29 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ათეა-ს თანამშრომლებისა და გამგეობის წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა. იგი მიზნად მათთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა. ტრენინგზე განხილული იყო ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა ადგილობრივი ხელისუფლების როლი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის განხორციელებაში და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე აღებული საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ლოკალიზაციის პროცესი.

„ტრენინგის დახმარებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გამოწვევები გავაანალიზეთ. ამასთან, შეხვედრაზე გაჩნდა უამრავი იდეა, თუ როგორ შეუძლია ათეა-ს ამ თვალსაზრისით ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი მხარდაჭერა“, - განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ათეა გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის დამტკიცებაც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. დოკუმენტის პრიორიტეტებს შორისაა ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე, ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების პროცესში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გათვალისწინება.

საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის ინიციატივების მხარდასაჭერად მუშაობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება სახალხო დამცველის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასების“ დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციებიც. გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ათეა-ს თანამშრომლობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.