როგორ გამოვიყენოთ მენტორობა ქალთა გაძლიერებისთვის - ბიზნესის ინტერესი მენტორობის პროგრამების მიმართ სულ უფრო იზრდება

თარიღი: ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2020 წელი

შეხვედრის მონაწილეები მენტორინგის პროგრამის შესახებ პრაქტიკულ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შეხვედრის მონაწილეები მენტორინგის პროგრამის შესახებ პრაქტიკულ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მსოფლიოს წამყვანი კომპანიები თანხმდებიან, რომ მენტორობა თანამშრომელთა განვითარებისა და კმაყოფილების გაზრდის ერთ-ერთი ეფექტიანი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რომელთა წარმატებისა და წინსვლის შანსი მენტორობის პროგრამებში ჩართულობის შედეგად შესამჩნევად იმატებს.

უკვე ორი წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო კომპანიებში მენტორინგის პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს. საპილოტე პროექტის განხორციელებისა და სახელმძღვანელოს შექმნის შემდეგ პროგრამის პოპულარიზაცია გრძელდება და ამ მიზნით სხვადასხვა ინიციატივა იგეგმება. სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა 3 სექტემბერს გამართული შეხვედრა, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიებისთვის ჩატარდა. ღონისძიებაზე HR პროფესიონალები მენტორობის პრაქტიკულ მხარეებსა და იმ ტექნიკებს გაეცნენ, რომლებიც მათ პროგრამის დამოუკიდებლად დანერგვაში დაეხმარება.

როგორც HR პროფესიონალთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგო ნოზაძემ აღნიშნა, რეალური და წარმატებული მაგალითები ადასტურებს, რომ მენტორინგი კომპანიებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა: „მჯერა, რომ პროგრამის დანერგვით, ისინი თანამშრომელთა გადინების შეამცირებენ. პარალელურად, დასაქმებულთა ჩართულობა, მოტივაცია და კომპანიის მიმართ ლოიალობა გაიზრდება. ქალი თანამშრომლები კი იგრძნობენ, რომ მენეჯმენტი მათზე რეალურად ზრუნავს და განვითარების პრაქტიკულ შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენი ასოციაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლეგებს მენტორინგის დანერგვის პროცესში“,- დასძინა მან.

შეხვედრაზე მონაწილეები მენტორინგის მნიშვნელობასთან ერთად, პროგრამის ჩამოყალიბების კონკრეტულ ეტაპებსა და დანერგვის ნაბიჯებს გაეცნენ. ინიციატივის მიმართ ინტერესი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოხატა. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად მენტორინგის პროგრამის დანერგვას გეგმავს ქალთა გაძლიერების ხელმომწერი ლიბერთი ბანკი. როგორც მისი ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე ამბობს, მენტორინგი მათ ორგანიზაციას თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. "ამავდროულად, პროგრამა ხელს შეუწყობს ჯანსაღი და ღია გარემოს ჩამოყალიბებას, რაც მოტივირებული, პროდუქტიული და კომპანიის პროცესებში ჩართული თანამშრომლების რაოდენობას გაზრდის. მთავარი კი ისაა, რომ მენტორინგი ჩვენთან დასაქმებული ქალების მხარდასაჭერის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება", - აღნიშნავს ნინო ჩიხლაძე.

მენტორინგის დახმარებით ქალთა გაძლიერება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია და იგი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.