კრიზისი, როგორც შესაძლებლობა მეწარმე ქალებისთვის

თარიღი: ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2020 წელი

მეწარმე ქალები ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე ჯგუფურად მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქალი მეწარმეები ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე ჯგუფურად მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

როგორ ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად - პანდემიის პერიოდში ეს ფრაზა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მით უმეტეს, ქალი მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობებზე ასეთი რყევები კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება ხოლმე. საქართველოში COVID-19-მა ქალებისთვის, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს უძღვებიან, ანტიკრიზისული გეგმების შემუშავება და კრიზისის შესაძლებლობად ქცევა მნიშვნელოვან საჭიროებად აქცია.

ახალი რეალობისა და საჭიროების გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ კომპანიებსა და პარტნიორებთან - „ქალები მომავლისთვის“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, მეწარმე ქალებისთვის ანტიკრიზისული გეგმების შესახებ სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პრაქტიკული იყო და მის დასკვნით ნაწილში 30-მა მონაწილემ ეს ბიზნესგეგმები საკუთარი საქმიანობების მაგალითზე შეიმუშავა.

გიგა ფაიქიძე, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიის, „ლოიალტეს“ მმართველი პარტნიორია, ახალი ბიზნესიდეებისა და ანტიკრიზისიული გეგმების შედგენის ნაწილს უძღვებოდა. „კრიზისი ბიზნესისთვის შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ცალკე გამოწვევაა ის, თუ რამდენად შეძლებენ მცირე და საშუალო მეწარმეები ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო - ქალ მეწარმეებთან ერთად გვემსჯელა, როგორ შევინარჩუნოთ ბიზნესი კრიზისის დროს, როგორ მოვახდინოთ შემოსავლების დივერსიფიკაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია, რა მიმართულებით შეიძლება განვავითაროთ ახალი ბიზნესიდეები, შევქმნათ ბიზნესგეგმა და ა.შ.”,- აღნიშნა გიგა ფაიქიძემ.

ანტიკრიზისული გეგმების გარდა, მონაწილეები პიარის, მარკეტინგისა და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და პიროვნული განვითარების შესახებ სესიაც მოისმინეს. საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და წინსვლისთვის აპირებს მიღებული ცოდნის გამოყენებას მარიამ მიროტაძე - 22 წლის ახალბედა მეწარმე, რომელსაც ღვინის ბიზნესი აქვს. „პრაქტიკულმა დავალებამ და ადგილზე შემუშავებულმა ბიზნესგეგმამ თეორიული ცოდნა გამიმყარა. განსაკუთრებული სტიმული მივიღე პიროვნული განვითარების სესიისგან. დიდი ხანია, რებრენდინგს ვგეგმავ და ამ ტრენინგებიდან ისეთი მოტივაციით მივდივარ, რომ სექტემბერში აუცილებლად ახალი ეტიკეტით წარვდგები“, - აღნიშნა მარიამმა.

შეხვედრის ერთი ნაწილი იმ პროგრამებისა და გრანტების გაცნობას დაეთმო, რომლებსაც მეწარმე ქალებს სახელმწიფო სთავაზობს. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და მისმა მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხეს და ის გამოწვევებიც მოისმინეს, რომლებიც საქართველოში ქალ მეწარმეებს ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით აქვთ.

სამუშაო შეხვედრა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.