სახელმწიფო ფონდი და სახალხო დამცველი მსხვერპლებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ძალადობა დაძლიეს, სერვისების გაუმჯობესებაზე მსჯელობენ

თარიღი: პარასკევი, 5 ივნისი, 2020 წელი

საბავშვო კუთხე თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ფოტო: მზია საგანელიძე/RFERL
საბავშვო კუთხე თბილისის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. ფოტო: მზია საგანელიძე/RFERL

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების მონიტორინგის ანგარიშის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიში იმ სერვისების მონიტორინგს ასახავს, რომლებსაც სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/გადარჩენილ პირებს სთავაზობს. სერვისებს შორისაა მათთვის დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციაში დახმარება, სამედიცინო და იურიდიული მომსახურების შეთავაზება.

საქართველოში მსხვერპლებისთვის/გადარჩენილი პირებისთვის მხარდამჭერი სერვისების შეფასება სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგის ინსტრუმენტით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2014 წელს შემუშავდა.

ბოლო ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ არსებული მხარდაჭერის სერვისები მსხვერპლებისთვის/გადარჩენილი პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ მნიშვნელობას ბენეფიციარების კმაყოფილებაც ადასტურებს. ისინი აცხადებენ, რომ თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში თავს დაცულად გრძნობდნენ და ყოვლისმომცველი მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

საერთო დადებითი დინამიკისა და ბენეფიციარების მზარდი რაოდენობის გარდა, ანგარიშში ასახულია არსებული ნაკლოვანებებიც და ხაზგასმულია, რომ საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და თავშესაფრებში უკუკავშირისა თუ გასაჩივრების მექანიზმის გაუმჯობესება, თავშესაფარში განთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პროცედურის დახვეწა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მსხვერპლებისთვის ხარისხიანი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდება და პერსონალური ინფორმაციის დაცვა.

„მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის აპარატთან, მსხვერპლების/გადარჩენილი პირებისთვის მხარდამჭერი სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. მხოლოდ 2019 წელს თავშესაფრებმა მომსახურება - 411 ბენეფიციარს, კრიზისულმა ცენტრებმა კი 242 ბენეფიციარს გაუწია. რაც შეეხება ცხელ ხაზს, მასზე 1,455 ზარი შევიდა.

სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის მონიტორინგი „გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში განახორციელა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები