სამკერვალო სალონები და COVID-19-ით გამოწვეული ცვლილებები
თარიღი:
მარიამ ცხოვრებაშვილმა ბოლო კაბის შეკერვა 8 მარტს დაასრულა. წინ კიდევ 30 შეკვეთა ჰქონდა, მაგრამ ყველა გაუუქმდა. იმ დროს COVID-19 უკვე ცხოვრების ახალ წესებს ადგენდა და ტანსაცმლისთვის აღარავის ეცალა.
არადა, გაზაფხულზე საქართველოში გამოსაშვები საღამოებისთვის მზადება იწყება და ამ დროს მარიამიც ტრადიციულად მაისისა და ივნისის შეკვეთებსაც იღებს. წელს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. „ვირუსმა ირგვლივ ბევრის საქმიანობა შეაფერხა. აღმოჩნდა, რომ იმ მომენტში შემოსავლის გარეშე დარჩა ჩემი ქმარიც. 5 შვილი მყავს, უფლება არ მქონდა, რამე არ მომეფიქრებინა. მივხვდი, რომ ცვლილებების მართვა იყო მნიშვნელოვანი“, - ამბობს მარიამი, რომელიც ტყიბულში (იმერეთის რეგიონი) ცხოვრობს და თავისი სახელობის ატელიეც იქვე აქვს გახნილი.
გამოსავალი მალევე მოიფიქრა. გაზრდილი მოთხოვნის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, სამედიცინო პირბადეები საქართველოშიც დეფიციტური იყო. ეს დეფიციტი კი შესაძლოა, ნაჭრის პირბადეებს შეევსო. მარიამი ინტერნეტით მათი დამზადების სტანდარტებს გაეცნო, საცდელად 30 ცალი შეკერა და სიახლის შესახებ მომხმარებლებს ფეისბუქით შეატყობინა. აღმოჩნდა, რომ მისმა იდეამ გაამართლა.
„იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, ყველა ერთ დღეში გაიყიდა. შეკვეთებიც ძალიან გაიზარდა. ჩემმა გადაწყვეტილებამ დამანახა, რომ კრიზისის დროს მთავარი ბიზნესის ახალ რეალობასთან ადაპტირებაა. იმედი მაქვს, ნელ-ნელა სხვა შეკვეთებიც წამოვა“, - აღნიშნავს მარიამი, რომელიც დღეში 20-50 ცალ ფერად პირბადეს კერავს და ადგილობრივი მოსახლოების გარდა, მათ მსურველებს სხვა ქალაქებში ფოსტით უგზავნის.
მარიამ ცხოვრებაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთი მონაწილეა. მის გარდა, კრიზისულ სიტუაციაში ახალი გზების ძიება პროექტში ჩართული სხვა სამკერვალო სალონების მფლობელებმაც დაიწყეს. 7 მათგანი დღეს უკვე პირბადეებს კერავს და საკუთარი ნაწარმით ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას პასუხობს. მათ შორისაა ანა მესხიშვილიც.
ანა ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში ცხოვრობს (იმერეთის რეგიონი). ახალი კორონავირუსის კრიზისმა მასაც ცვლილებებისკენ უბიძგა. „პირველად პირბადე აქაურებმა მომკითხეს და რომ მივხვდი, ეს სამკერვალოსთვის ახალი შანსი იყო, მაშინვე საჭირო ქსოვილი შევიძინე. თითქოს მარტივი შესაკერია, მაგრამ თავისი წესების მკაცრად დაცვას მოითხოვს. ჩემთვის ეს ბიზნესი შემოსავლის ერთადერთი და ძალიან მნიშნვნელოვანი წყაროა. მოთხოვნა სანამ იქნება, ამ საქმიანობას გავაგრძელებ“, - ამბობს ანა, რომელიც ერთადერთია, ვინც ბაღდადის რაიონში პირბადეებს კერავს და ადგილობრივებს ამარაგებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მისი პირბადეები ძალადობის მსხვერპლთა რამდენიმე თავშესაფარსაც გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მარიამისა და ანას პირბადეები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმერთელობის ეროვნული ცენტრში შემოწმდა. ცენტრის დასკვნით, საყოფაცხოვრებო პირობებში მარიამის პროდუქცია - მრავალჯერადად, ანასი კი ერთჯერადად შეიძლება იყოს გამოყენებული.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტს „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.