ციფრულ ტექნოლოგიას ქალთა გაძლიერება შეუძლია, თუმცა...

თარიღი: პარასკევი, 22 მაისი, 2020 წელი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მეწარმე და სოციალურ მობილიზაციაში ჩართული ქალები ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ ვებინარში მონაწილეობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მეწარმე და სოციალურ მობილიზაციაში ჩართული ქალები ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების შესახებ ვებინარში მონაწილეობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ციფრულ ტექნოლოგიებს 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში, თანასწორობის უზრუნველყოფასა და იმ „ნახტომისებრი“ შესაძლებლობების შექმნაში, რომლებიც გენდერული განსხვავებების აღმოსაფხვრელადაა საჭირო, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, არსებული ბარიერების დაძლევას მოითხოვს.

2019 წლის გლობალური მონაცემები აჩვენებს, რომ ინტერნეტზე წვდომა 4.1 მილიარდ ადამიანს აქვს, დანარჩენ 3.6 მილიარდს კი - არა. მობილური კავშირის ქსელებით მსოფლიოს თითქმის მთელი მოსახლეობაა დაფარული, თუმცა ინტერნეტით მხოლოდ 53% სარგებლობს. გლობალურად ინტერნეტის მომხმარებლებს შორის გენდერული განსხვავება 17%-ს შეადგენს. კაცებთან შედარებით, სმარტფონი 327 მილიონით ნაკლებ ქალს აქვს. საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა თანაფარდობა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და ქალების შემთხვევაში - 61.2%-ს, კაცების შემთხვევაში კი 64.5%-ს შეადგენს. მობილური ტელეფონის მფლობელობის თვალსაზრისით, სქესთა შორის განსხვავება მხოლოდ 3%-ს შეადგენს, თუმცა სოფლებსა და ქალაქებს შორის ეს მაჩვენებელი საყურადღებოა.

ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სოფლად მცხოვრები იმ ქალებისთვის, რომლებსაც ფორმალურ სამსახურზე, განათლებაზე, ჯანმრთელობასა და სხვა სერვისებზე ხელი შეზღუდულად მიუწვდებათ. COVID-19-ით გამოწვეული სოციალური იზოლაციის პირობებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ციფრულ ტექნოლოგიებზე ქალების წვდომა შეაფასა. ეს შეფასება მიზნად პარტნიორთა დისტანციური მხარდაჭერისთვის შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურებოდა. შედეგად, დაბრკოლებების შესახებ, რომლებსაც ქალები და გოგოები ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით აწყდებიან, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კაცებთან შედარებით, საბაზისო ციფრულ უნარებს გაცილებით ნაკლები ქალი ფლობს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 3% აღნიშნავს, რომ კომპიუტერთან მუშაობა კარგად იცის, ქალაქში მცხოვრებთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს. ციფრული უნარების თვალსაზრისით, სქესთა შორის განსხვავება კიდევ უფრო დიდია იმ თემებში, რომლებიც სხვადასხვა კუთხით არიან მოწყვლადები (სიღარიბე, განათლების დაბალი დონე, ფორმალური დასაქმების ნაკლებობა, სიახლოვე გამყოფ ხაზებთან). ამასთან, ქალები უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობასა და საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში ქალები სახლის საქმეებსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვას კვირაში 45 საათს უთმობენ, კაცები კი - 15 საათს. ამის გამო, ქალებს სხვა აქტივობებისა და სწავლისთვის დრო აღარ რჩებათ. პარალელურად, ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომაში მათ ხელს გენდერული სტერეოტიპები და ოჯახში არსებული ძალადობრივი ურთიერთობებიც უშლით: როგორც წესი, მოძალადე (ძირითადად კაცები) მსხვერპლს (ძირითადად ქალებს) მობილური ტელეფონის გამოყენებას უზღუდავს. გარკვეულ როლს თამაშობს ისეთი სხვა სტერეოტიპებიც, როგორიცაა მაგალითად, შეხედულება, რომ ტექნოლოგია მხოლოდ კაცების საქმეა.

ციფრულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ავტომატურად ქალთა გაძლიერებას არ ნიშნავს. როცა ქალები საკუთარი ცხოვრების წარმართვას დამოუკიდებლად დაიწყებენ და სტრატეგიული არჩევანს თავად გააკეთებენ, ციფრულ ტექნოლოგიას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ბიძგის როლის შესრულება შეუძლია, თუმცა შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს და ეს სივრცე გამოყენებული იყოს სექსუალური შევიწროების, ადევნების, ონლაინშეხვედრის ჩაშლის მცდელობისა და ძალადობის სხვა ფორმებისთვის.

„ციფრულ ტექნოლოგიას, როგორც ინსტრუმენტს, უდიდესი პოტენციალი აქვს. ის გონივრულად და პასუხისმგებლობით უნდა იყოს გამოყენებული, რათა ხელი შეეწყოს ქალების ტალანტის რეალიზებასა და დაიძლიოს სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახლში, სამუშაო ადგილსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში აქტიურად მოიძიებს შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ქალთა ისეთი მიმართულებებით გაძლიერება, როგორებიცაა: ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა ეფექტიანი და თანასწორი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.