ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა საქართველოს გამოწვევად რჩება

თარიღი:

საქართველოსთვის ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა და მისი აღმოფხვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოსთვის ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა და მისი აღმოფხვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის გააზრებისა და დაძლევისთვის ამ საკითხის კვლევასა და შესაბამისი მონაცემების ანალიზს არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში „გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა შრომის ბაზარზე“ გამოსცა, რომელიც საქსტატის 2017 წლის სამუშაო ძალის კვლევის დეტალურ ანალიზზე დაყრდნობით შეიქმნა.

სპეციალურ ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნებაა გაერთიანებული. კერძოდ, თვიური ხელფასის მიხედვით, გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოში 2017 წელს 37,2 %-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებული ქალების თვიური ანაზღაურება, საშუალოდ, დასაქმებული კაცების თვიური ანაზღაურების 62,8% იყო. საათობრივი ხელფასის მიხედვით კი, გენდერული სახელფასო სხვაობა 17,7%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლები არ ითვალისწინებს იმ შესაძლო განსხვავებებს, რომლებიც ანაზღაურებადი შრომით დაკავებულ ქალებსა და კაცებს შორის განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და სხვა პიროვნული მახასიათებლების მიხედვით შეიძლება არსებობდეს.

სახელფასო სხვაობა, რომელიც ზემოაღნიშნულ განსხვავებებს ითვალისწინებს, გაცილებით უფრო ზუსტი ინდიკატორით აფასებს იმ გენდერულ უთანასწორობას, რომელიც საქართველოში თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების თვალსაზრისით არსებობს. საათობრივი ხელფასის ეს მაჩვენებელი ქვეყანაში 2017 წელს 24,8% იყო, რაც ნედლ გენდერულ საათობრივ სახელფასო სხვაობას აღემატებოდა. კვლევის შედეგად, ამ მონაცემით გამოვლინდა, რომ ანაზღაურებადი შრომით დაკავებული ქალები, კაცებთან შედარებით, 1 სამუშაო საათში ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, თუმცა მათ კაცებზე უკეთესი პროფესიული მახასიათებლები (განათლება და პროფესიული გამოცდილება) ჰქონდათ.

ანგარიში გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრის საკანონმდებლო მექანიზმებსაც მოიცავს. იგი ძირითადად ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციას თანაბარი ანაზღაურების შესახებ (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 1993 წელს) და 2006/54 ევრო დირექტივას.

ანგარიშში მოყვანილი საკანონმდებლო მექანიზმების გაუმჯობესების რეკომენდაციებიდან, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს შემდეგი საკითხები: საქართველოს შრომის კოდექსით დარეგულირდეს თანაბარი ღირებულების მქონე შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი და მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი; ამავე კოდექსში ცალკე დებულების სახით განიმარტოს „ანაზღაურება“ და სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდეს ანაზღაურების გამჭვირვალობის რეგულაციები; კოდექსში გაჩნდეს „მინიმალური ხელფასის“ განმარტება, რაც გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოფხვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. ამას გარდა, სასურველია, მინიმალური ხელფასი სხვადასხვა დონეზე დაწესდეს და მისი ყოველწლიური შესწორების/გადასინჯვის მექანიზმი ჩამოყალიბდეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ანგარიშის მონაცემებსა და რეკომენდაციებს შრომით კანონმდებლობასა და შრომასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში გენდერული თანასწორობის ადვოკატირებისთვის იყენებს.

ანგარიში გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მომზადდა, რომელიც შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება.