ქალთა მიმართ ძალადობა პოლიტიკასა და არჩევნებში - დებატები იწყება

თარიღი: ოთხშაბათი, 4 მარტი, 2020 წელი

„ქალთა მიმართ ძალადობა ის ფაქტორია, რის გამოც ქალები პოლიტიკაში ნაკლებად ერთვებიან“, - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეძღვნებოდა.

დიპლომატიურმა კორპუსმა ქალთა მიმართ, განსაკუთრებით პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ მკაფიო გზავნილი გაახმოვანა
დიპლომატიურმა კორპუსმა ქალთა მიმართ, განსაკუთრებით პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ მკაფიო გზავნილი გაახმოვანა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ღონისძიება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. შეხვედრის მთავარ მიზანს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და მისი პრევენცია წარმოადგენდა.

„ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში უკიდურესად დაბალია. პარლამენტი მზადაა, სპეციალური ზომები მიიღოს ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე, გენდერული ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის, რადგან ეს ორი თემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ. „რასაკვირველია, პოლიტიკოსებს უფრო მეტი თმენის ვალდებულება ეკისრებათ, მაგრამ არავის აქვს სექსიზმის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მიმართ თმენის ვალდებულება, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ამომრჩეველი“, - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ.

ქალი პოლიტიკოსები პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საკუთარ გამოცდილებებზე საუბრობენ
ქალი პოლიტიკოსები პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საკუთარ გამოცდილებებზე საუბრობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა 

ევროკავშირის, ნორვეგიის სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებმა ერთხმად გაახმოვანეს გზავნილი ზოგადად ქალთა მიმართ, განსაკუთრებით კი პოლიტიკასა და არჩევნებში ძალადობასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ამგვარი ძალადობის ფორმები განმარტა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისგან დაცული არავინაა: არც ამომრჩევლები და არც - კანდიდატები, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები, დამკვირვებლები თუ ჟურნალისტები, რომლებიც საარჩევნო პროცესებს აშუქებენ. მომხსენებელთა შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, პარლამენტის წევრი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თინათინ ბოკუჩავა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი საქართველოში ლორა თორნტონი.

შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წევრებს მოუწოდეს, ხელი მოაწერონ განაცხადს პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ. ეს განაცხადი აღიარებს დამამცირებელ და გამრიყავ შედეგებს, რომლებიც ამგვარ ძალადობას ქალებისთვის მოაქვს და, ამავდროულად, პარტიებს ახალისებს, დაამკვიდრონ ნულოვანი ტოლერანტობა მის მიმართ, რათა ხელი შეუწყონ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თავისუფალ და თანასწორ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ „ევროპელმა დემოკრატებმა“ და „ერთიანმა საქართველომ“ განაცხადს ხელი ადგილზევე მოაწერეს.