ეკონომიკურად ძლიერი ქალები თემების გაძლიერებისთვის

თარიღი:

ლალი გურგენიძე ქვემო ქართლის რეგიონში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში ცხოვრობს - ისტორიულ ადგილას, სადაც მე-19 საუკუნეში გერმანელი კოლონისტების მევენახეობით განთქმული დასახლება იყო.

ლალი გურგენიძე, მეღვინე ასურეთიდან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ლალი გურგენიძე, მეღვინე ასურეთიდან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სოფელში დღემდე შემორჩა ერთ-ერთი მათგანის, ოტო შალას მიერ აღმოჩენილი უნიკალური წითელი ყურძნის ჯიში - „ასურეთული შავი“, რომელსაც ახლა „შალასაც“ უწოდებენ ხოლმე. პროფესიით ექთანი ლალი გურგენიძე ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობდა და თან ქართულ-გერმანული ტრადიციებით ღვინოს „შალასგანაც“ ამზადებდა. მეღვინეობამ იმდენად გაიტაცა, რომ ცოტა ხნის წინ თეთრი ხალათი დათმო და მთელი დრო ღვინის წარმოებას მიუძღვნა.

„ეს ღვინო არა მარტო ადგილობრივების, არამედ ასურეთში მყოფი ტურისტების მოწონებითაც სარგებლობდა. ძირითადად აქვე ვყიდდით, მაგრამ სულ მინდოდა, საქმიანობა გამეფართოებინა და რეალიზაცია გამეზარდა“, - იხსენებს ლალი, რომელმაც ისტორიულ „შალას“ ახალი სიცოცხლე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ დახმარებით შესძინა.

პროექტში ჩართვის შემდეგ ლალიმ, სხვა მონაწილე ქალების მსგავსად, ბიზნესგეგმების შედგენა შეისწავლა. მერე კი სკოლა-სტუდია „კაბისტონში“ ღვინის მცოდნის კურსიც გაიარა, რაც მას პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საკუთარი პროდუქციის ბრენდირებაში დაეხმარა. ბოლოს კი დაფინანსებაც მიიღო, ღვინო ბოთლებში ჩამოასხა, დაბრენდა და მომხმარებლებს ადგილობრივი პროდუქტი - „გურგენიძეების მარანი“ შესთავაზა.

„პროექტის მეშვეობით ჩემი სურვილი ავისრულე. მეწარმე ქალების გაძლიერებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია ოჯახებსა და თემებსაც აძლიერებს“, - ამბობს ლალი, რომელიც ღვინის რეალიზებისთვის მაღაზიებსა და რესტორნებთან თანამშრომლობას აპირებს. რამდენიმე მათგანში დეგუსტაციამ უკვე წარმატებით ჩაიარა. იმედი აქვს, რომ შემოსავლით მარნის რეაბილიტაციასა და წარმოების გაფართოებასაც მოახერხებს.

მარჯვნიდან მარცხნივ: დიანა იმედაშვილი თავი კაფესთან
მარჯვნიდან მარცხნივ: დიანა იმედაშვილი თავი კაფესთან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

დიანა იმედაშვილი კახეთის რეგიონში, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ცხოვრობს და საკუთარ კაფეს ხელმძღვანელობს, რომელიც ერთი წლის წინ მცირე დანაზოგითა და სამთავრობო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გახსნა. „პრაქტიკის არქონის გამო, არაერთი სირთულე შემხვდა. გაფართოებაც მინდოდა, მაგრამ ცოდნისა და ფინანსების არარსებობა მაფერხებდა. როცა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის შესახებ შევიტყვე, მივხვდი, ეს ჩემი შანსი იყო. ტრენინგებმა საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებში გამარკვია, შესაბამისი უნარები განვავითარე, ბუღალტერია ვისწავლე და საბუთებიც მოვაწესრიგე. უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული გავხდი“, - ჰყვება დიანა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტით მიღებული გრანტით მან კაფეს საცხობიც დაუმატა, ბიზნესი განავითარა და შემოსავალი გაზარდა. ახლა ბევრი სტუმარი ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ სტარტი მარტივი არ ყოფილა. დიანა უკვე სხვა ქალებსაც ეხმარება და მათ ბუღალტერიისა და ბიზნესის დაწყების შესახებ საკუთარ ცოდნას უზიარებს. სოციალური მობილიზაციის ჯგუფის წევრ ქალებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეიკრიბნენ, შეხვედრებისთვის საკუთარ კაფეს სიამოვნებით უთმობს. „ზოგადად, ამგვარი ინიციატივებით პანკისელი ქალები არა მარტო ეკონომიკურად აქტიურები ხდებიან, არამედ აცნობიერებენ, რომ უამრავი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ“, - აღნიშნავს ის.

2019 წელს პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, საქართველოს სამ სამიზნე რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ბიზნესის განვითარებისთვის გრანტი 50-მა ქალმა მიიღო, 24-მა კი სწავლება, პროფესიული გადამზადება და სტაჟირება გაიარა.

პროექტის განხორციელების პროცესში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორები კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ფონდი „ტასო“ და ქეა საერთაშორისო კავკასიაში არიან. იგი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და სოციალურად გარიყული ქალების, ეკონომიკური გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაა. მისი მონაწილეები ტრენინგებს გადიან, პროფესიულ უნარებსა და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძენენ, რაც მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში ეხმარება.