საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი უკვე 43 კომპანიაა

თარიღი: ხუთშაბათი, 5 დეკემბერი, 2019 წელი

ბიზნესლიდერები ცვლილებების სათავეში - კერძო სექტორის წარმომადგენლები ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე შეიკრიბინენ და საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პერსპექტიული გამოცდილებები განიხილეს.

თბილისში, ქალთა გაძლიერების პრინციპების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კერძო სექტორის 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ გამოცდილებაზე იმსჯელა
თბილისში, ქალთა გაძლიერების პრინციპების ყოველწლიურ კონფერენციაზე, კერძო სექტორის 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ გამოცდილებაზე იმსჯელა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ღონისძიებას 160-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქალთა გაძლიერების პრინციპების განმახორციელებელი კომპანიებისა და ინიციატივით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ქალთა გაძლიერებაში კერძო სექტორის როლზე იმსჯელეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ქალი თანამშრომლები, მომწოდებლები და მომხმარებლები, რომლებმაც ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს.

ღონისძიებას ესწრებოდა ქალთა გაძლიერების პრინციპების განმახორციელებელი კომპანია „ლინგვინგიც“. „ლინგვინგი“ ქართული ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელმაც ახლახან გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ სოციალურ მედია მარკეტინგსა და ვებპროგრამირებაში გადამზადებული 11 ქალი დაასაქმა, მათ შორის ლანჩხუთელი ქეთი წილოსანიც. „ვებგვერდზე მუშაობის დაწყება თავდაპირველად ფილმ „მატრიცაში“ შესვლას ჰგავდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არც ისე რთული არ აღმოჩნდა. ახლა კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა“, - აღნიშნა ქეთი წილოსანმა. „ლინგვინგის“ გენერალურმა დირექტორმა ვატო ველიაშვილმა ახალი თანამშრომლების მიმართ კმაყოფილება გამოხატა და მათ მიღწევებს შორის კომპანიის ლოგოს შექმნაც დაასახელა. „ჩვენ უფრო მეტი ქალი თანამშრომლის აყვანას ვგეგმავთ“,- განაცხადა მან.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შარშან შეუერთდა. უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ წელს ქალებისთვის კოდირების სკოლა გახსნა და 20 სტუდენტით დაკომპლექტებული პირველი ნაკადიც მიიღო. „ქალი სტუდენტები უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, ვიდრე კაცები. პირველი ნაკადი კურსს ორ კვირაში დაასრულებს. შემდეგ კი გვსურს, რომ ეს ინიციატივა თბილისის გარეთაც გავიტანოთ“,- აღნიშნა მან. გადამზადების სასწავლო გეგმა 206 საათისგან შედგება და მის პოზიტიურ მხარეებზე ერთ-ერთმა სტუდენტმა ქეთევან ოთიაშვილმაც ისაუბრა.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. იგი ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენმა მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და ხაზი გაუსვა, რომ ნორვეგიის ეკონომიკაში ქალების საერთო წვლილი ნავთობისგან მიღებულ შემოსავალზე მეტია. ნორვეგიაში ბევრი კომპანია თანამშრომლებს სწორედ ქალთა გაძლიერების პრინციპების შესაბამის სამუშაო პირობებსა და მოქნილ გარემოს სთავაზობს.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების რაოდენობა საქართველოში 26-დან 43-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მათ ხელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმაც მოაწერა. შედეგად, იგი გახდა პირველი სავაჭრო პალატა მსოფლიოში, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების ვალდებულება აიღო.