შინაგან საქმეთა სამინისტრო გენდერულ საკითხებზე მუშაობას აძლიერებს

თარიღი: ორშაბათი, 2 დეკემბერი, 2019 წელი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების ძალისხმევისა და მხადაჭერის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა გააღრმავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრენერი ქეთი ტატუაშვილი მონაწილეებს უსაფრთხოების სექტორში გენდერულ მეინსტრიმინგზე ესაუბრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრენერი ქეთი ტატუაშვილი მონაწილეებს უსაფრთხოების სექტორში გენდერულ მეინსტრიმინგზე ესაუბრება; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შვედეთის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, შსს-ს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე სამი ტრენერი გადაამზადა. მომდევნო ეტაპზე კი მათ უწყების იმ სტრუქტურული ქვეყადანაყოფების (ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო და კრინიმალური პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში არიან დისლოცირებულები, ტრენინგები ჩაატარეს. შედეგად, სამინისტროს 60-მა თანამშრომელმა, მათ შორის წამყვანი რგოლის მენეჯერებმა, მონაწილეობა მიიღეს გენდერული მეინსტიმინგის ტრენინგებში, რომელთა ერთ-ერთი მიზანიც აღნიშნულ უწყებაში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება იყო. ამასთან, ტრენინგები მიზნად ისახავდა შსს-ში გენდერული მრჩეველის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, ასევე, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

„უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან მომუშავეთა უმეტესობას ტრადიციულად კაცები წარმოადგენენ, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია გენდერული პრინციპების ინტეგრირება, შსს-ს სისტემაში მეტი ქალის დასაქმება, შენარჩუნება, კარიერული წინსვლა და მათი ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაწინაურება. ამასთან, საჭიროა, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე თანამშრომლებს დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გენდერზე ორიენტირებული პოლიტიკის არსებობა და მისი პრაქტიკაში განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს უწყების უკეთ ფუნქციონირებასა და მოსახლეობისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევას“, - ამბობს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთი აბულაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს განიხილავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს განიხილავენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

აღნიშნული ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაწეული მხარდაჭერის ნაწილია. ეს მხარდაჭერა კი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას ემსახურება. იგი შსს-სთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებაში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემოღებასა და უსაფრთხოების ოპერაციებში გენდერული საკითხების ინტეგრირების კუთხით დახმარებას ითვალისწინებს.

ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.