შვეიცარიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები მარნეულში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტს გაეცნენ

თარიღი: ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი, 2019 წელი

2014 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქვემო ქართლში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადგილობრივი ქალებისთვის ძირითადი პრობლემები დასაქმების შესაფერისი შესაძლებლობების ნაკლებობა (93.6%), სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა არარსებობა (66.1 %), ცუდი გზები (57.8 %), ქუჩების არასათანადო განათება (56.8%) და ნარჩენების გატანაა (54.9 %).

ცენტრში მარინა კარობიო გუსკეტი და მარჯვნიდან მესამე - იზაბელ მორე მარნეულში, სოციალური მობილიზაციის პროექტის მონაწილე ქალებთან და გოგოებთან
ცენტრში მარინა კარობიო გუსკეტი და მარჯვნიდან მესამე - იზაბელ მორე მარნეულში, სოციალური მობილიზაციის პროექტის მონაწილე ქალებთან და გოგოებთან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხულდარასა და მოლაოღლიში ეს პრობლემები 2019 წელსაც არსებობს. შვეიცარიის პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას სოფელ ხულდარის მკვიდრმა ხანიფა აფანდიევამ აღნიშნა, რომ იმ ქალებისთვის, რომლებსაც დასაქმება სურთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა საბავშვო ბაღების ნაკლებობაა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ქალებთან ერთად, ხანიფა მონაწილეობს ტრენინგებში, რომელთა მიმდინარეობისას მონაწილეები ეცნობიან, როგორ ხდება ადგილობრივი გეგმებისა თუ ბიუჯეტის შემუშავება, როგორ შეუძლიათ ქალებს დაგეგმვისა თუ ბიუჯეტის შედგენის პროცესებში ჩართვა და შედეგად სარგებლის მიღება.

ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე მარინა კარობიო გუსკეტი და თავმჯდომარის ორი მოადგილე იზაბელ მორე და ჰანს ბრანდ ჩიოკო, ფედერალური ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ფილიპ შვაბთან, შვეიცარიის ელჩთან, პატრიკ ფრანცენთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან დანიელ მევლისთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიცირებულ ერთ-ერთ ტრენინგს ეწვივნენ, რომელსაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია ახორციელებს.

ამას გარდა, პარლამენტარი ქალები ქალთა ჯგუფსაც შეხვდნენ და მათ შეხედულებებსა და გამოცდილებაზე, ქალთა მონაწილეობისთვის არსებულ ზოგიერთ დაბრკოლებაზე, მათ შორის რეგიონისთვის დამახასიათებელ პრობლემებზე - ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, გავრცელებულ პატრიარქალურ ნორმებსა და დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობაზე ისაუბრეს. „მიუხედავად ქვეყნებს შორის არსებული აშკარა განსხვავებებისა, არის ისეთი გამოწვევები, რომლებიც საერთოა და ყველგან არსებობს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა ადგილობრივ ქალებთან შეხვედრის შემდეგ.

მარნეულში გამართულ შეხვედრაზე მერმა განაცხადა, რომ მოაგვარებდა იმ ზოგიერთ პრობლემას, რომლებზეც ქალებმა ტრენინგის განმავლობაში ისაუბრეს. კერძოდ, სოფელ ხულდარაში ადგილობრივი სკოლის რეკონსტრუქციას, ასევე, ხულდარასა და მოლაოღლიში გზების რეაბილიტაციას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ 9 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს ადგილობრივი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებში მონაწილეობისთვის ეხმარება. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.