მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის სახელმწიფო თავშესაფრების ხელმისაწვდომობას აუმჯობსებს
თარიღი:
არსებული კანონმდებლობით, ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის მოპოვებას ავალდებულებს. ეს კი მსხვერპლებისთვის ეფექტიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხადაჭერით, საქართველოს მთავრობა მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების გაუქმებას გეგმავს, რაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობას მისცემს, სახელმწიფო თავშესაფრების მომსახურებით სტანდარტიზებული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე ისარგებლონ. 12-13 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან თანამშრომლობით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც სწორედ რისკების შეფასების კითხვარის განხილვას მიეძღვნა.
აღნიშნული კითხვარი საერთაშორისოდ დამკვიდრებული მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკის შესაბამისად შემუშავდა. იგი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ძალადობის მსხვერპლის საჭიროებები სამართლებრივი და ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლით განსაზღვროს. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა კითხვარის განხილვას, მის საბოლოო ვერსიაზე შეჯერებასა და ახალი ინსტრუმენტის გამოყენების კუთხით თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების თანამშრომლების შესაძლებლობის განვითარებას. შეფასების კითხვარის შემუშავებასთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მთავრობას ეხმარება საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაშიც, რომელიც თავშესაფარში განთავსებისთვის მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნის გაუქმებას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვილებების დამტკიცება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსია აუცილებელი. სტატუსის მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს: შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოწერა პოლიციის მიერ და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ და/ან სისხლის სამართალწარმოების წესით მსხვერპლად აღიარება, ასევე, სტატუსის მიღება სტატუსის მიმნიჭებელი სპეციალური ჯგუფისგან, რომელიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს. სტატუსის მიღების ყველა ეს მექანიზმი მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ პროცედურებს შეიცავს, რაც მსხვერპლებს მომსახურებების ეფექტიანად მიღებაში უშლის ხელს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება (თავშესაფრების შესახებ) სტამბოლის კონვენციის 23-ე მუხლს და ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 35-ე ზოგად რეკომენდაციას.
ზემოაღწერილი პროცედურები დაბრკოლებადაა აღიარებული ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის, დუბრავკა სიმონოვიჩს მიერ, რომელმაც 2016 წელს საქართველში ვიზიტის შესახებ ანგარიშში თავშესაფრებში მოსახვედრად მსხვერპლის სტატუსის მიღების წინაპირობის გაუქმების რეკომენდაცია შეიტანა.