საქართველოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე უწყებები სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების სისტემებს აუმჯობესებენ

თარიღი:

გენდერული მონაცემების თვალსაზრისით მსოფლიოში დიდი დეფიციტია, რაც ხელს უშლის სქესთა შორის უთანასწორობის ჩვენებას.

ტრენინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო
ტრენინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გენდერული თანასწორობის გაზრდის მიზნით, სქესისა და ასაკის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების სისტემური შეგროვება, გამოყენება და გენდერული ანალიზი ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს.

საქართველოში სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სისტემების შემოღება ის ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით აიღო. ამგვარი მონაცემების შეგროვება აუცილებელი ნაბიჯია, რათა უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ხელშემწყობი გარემო შეიქმნას.

ამ მიზნის მისაღწევად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 10 -11 ოქტომბერს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელი უწყებებისთვის სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის შესახებ ორდღიანი ტრეინინგი ჩაატარა. ტრენინგი ხელს შეუწყობს საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. 20-ზე მეტმა მონაწილემ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანური რესურსების სამმართველოებიდან სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაიუმჯობესა. ტრენინგს ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტი ფერნანდო იზქუიერდო უძღვებოდა.

„ეს ორი დღე ჩემთვის უაღრესად სასარგებლო იყო. სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემები სიღმისეულ ინფორმაციას გვთავაზობს, თუ რა ადგილი უკავიათ კაცსა და ქალს უსაფრთხოების სექტორში, რა არის მათი პროფესიული მიმართულებები და სხვა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გენდერზე ორიენტირებული პოლიტიკის დოკუმენტები შევქმნათ, მათ შორის ისინი, რომლებიც კაცებისა და ქალების პროფესიულ განვითარებას შეეხება და შედეგად, სამინისტროში გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ“ ,- განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა მანანა ჯაბადარმა.

ასევე, ტრენინგზე განხილული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის სახელმძღვანელო სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების ანალიზის შესახებ, რაც უსაფრთხოების სექტორის პარტნიორებს მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის შიდა ინსტრუმენტების დახვეწაში დაეხმარება.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში და გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება უსაფრთხოების სექტორში“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა.