უფასო იურიდიული დახმარება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის

თარიღი: ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019 წელი

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი; ფოტო: მარიამ ბერიძე

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს ონვენციით საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ ვალდებულების შესაბამისად, კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს ახალი ფუნქციები დაემატა, რომელთა განხორციელების პროცესშიც უწყება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულ ძალისხმევას მისი დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი აფასებს.

კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით?

სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გადახდისუუნარობის მოთხოვნა მოუხსნა. ამგვარად, ნებისმიერი მათგანი, გადახდისუუნარობის მიუხედავად, მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო იურდიული დახმარებით სარგებლობს. ერთადერთ გამონაკლისს შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცესში ჩვენი მონაწილეობა წარმოადგენს: ამ შემთხვევაში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებით სარგებლობა მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იგი გადახდისუუნაროა.

რაც შეეხება ახალ ფუნქციებს, ისინი მოიცავს: მსხვერპლთათვის სამართლებრივ კონსულტაციას, განცხადების, სარჩელის, შესაგებლის ან სხვა დოკუმენტის შედგენას, სასამართლოში, პოლიციასა და სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებაში პირის წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.

შესაბამისად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეუძლია მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 13 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი აქვს. ასევე, დაგვირეკოს ცხელი ხაზზე 292 00 55, მოგვწეროს ვებსაიტზე www.legalaid.ge, ფეისბუქის გვერდზე ან სკაიპით.

რა ღონისძიებები განახორციელა იურიდიული დახმარების სამსახურმა ამ ფუნქციების უზრუნველყოფის პროცესში?

უპირველესად აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იურიდიული დახმარების სამსახურის 60 თანამშრომელი გადამზადდა. გასული წლის შემოდგომაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სამდღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ჩატარდა, რომელშიც ჩვენი 41 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ როგორც ადვოკატები, ისე სპეციალისტები ქვეყნის ყველა იმ კუთხიდან, სადაც სამსახურს ბიურო ან საკონსულტაციო ცენტრი ჰქონდა. კურსის დასრულების შემდეგ 39 მონაწილეს ქალთა და ოჯახში მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სპეციალიზაცია მიენიჭა. შედეგად, იურიდული დახმარების სამსახურს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალიზებული ადვოკატები ჰყავს, რაც სწორედ გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით განხორციელდა.

როგორია მიმართვიანობის სტატისტიკა და ძირითადად რა საკითხებზე მიმართავენ სპეციალიზებულ ადვოკატებს?

ჩვენი მომსახურებით 2015 წლიდან 600-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის, 353-მა 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით მოგვმართა. ეს ის პერიოდია, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერა უზრუნველყო. შესაბამისად, ყველა ბენეფიციარს, რომელმაც ამ პერიოდში მოგვმართა, იურიდიული დახმარება სპეციალიზებულმა ადვოკატებმა აღმოუჩინეს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისისა და ქვემო ქართლის ბიუროებში 2 ადვოკატი მხოლოდ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს. ეს ის ბიუროებია, სადაც მსხვერპლების მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მომართვიანობით გამოირჩევა სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიც.

ჩვენს სპეციალიზებულ ადვოკატებს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალები, არამედ არასრულწლოვნებიც მიმართავენ. მათი დიდი ნაწილი ფიზიკურ ძალადობას განიცდის, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობისა და მშობლის მხრიდან უგულებელყოფის შემთხვევებიც.

საინტერესოა სამსახურის მუშაობა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, ამ მიმართულებით რა ღონისძიებები ხორციელდება?

ყოველწლიურად იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს მართავენ. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საინფორმაციო ბროშურებიც დავბეჭდეთ და გავავრცელეთ. ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, სატელევიზიო ვიდეორგოლი მოვამზადეთ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის გავრცელებასა და მომართვიანობის გაზრდას. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემის დამარცხებას.