ახალი სივრცე აზერბაიჯანში ქალების გაძლიერებისთვის
თარიღი:
აზერბაიჯანში დაბალი შემოსავლის მქონე და სოციალურად დაუცველი, სოფლად მცხოვრები ქალების ეფექტიანი მხარდაჭერა არა მარტო მდგრადობას, არამედ ისეთი სივრცის არსებობასაც საჭიროებს, სადაც მათ ერთმანეთთან შეხვედრები შეეძლებათ.
სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზცია პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ სამიზნე რეგიონებში ქალთა რესურსცენტრებს ქმნის და ავითარებს. ეს სივრცეები მეწარმეობის, თვითდასაქმებისა თუ ადგილობრივი თემების განვითარებას და ამ გზით ქალების შესაძლებლობების გაფართოებასა და შემოსავლების გაზრდას ემსახურება.
ბაქოს ხაზარის რაიონსა და საბირაბადში ქალთა რესურსცენტრები უკვე აქტიურად ფუნქციონირებს. ორივე მათგანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მიერაა მხარდაჭერილი, რომელიც აზერბაიჯანში გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება. 17 ოქტომბერს კი ამგვარი სივრცე პროექტის მესამე სამიზნე რეგიონში, გუსარშიც ოფიციალურად გაიხსნა.
რესურცენტრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის გუსარშიც, ქალებისთვის ტრენინგებისა და პროფესიული მასტერკლასების გამართვაა. სწავლების თემატიკა ბიზნესის დაწყებას, ორგანიზაციულ მენეჯმენტს, გრანტების მოძიებას, საპრეზენტაციო უნარებს, რეზიუმეს დაწერასა და სხვა საკითხებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ გუსარის რესურსცენტრს ოფიციალურ გახსნამდე ტრენინგების მიმართულებით აქტივობა უკვე ჰქონდა. ადგილობრივმა ქალებმა ბიზნესის მართვა შეისწავლეს და შემდეგ მონაწილეობა კონკურსში „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ მიიღეს. მათ შორის იყვნენ დები, აისანამ და ლეილი ჰაჯიევები, რომლებმაც ეს კონკურსი მოიგეს კიდეც. „რესურსცენტრის დახმარებით აღმოვაჩინეთ შესაძლებლობები, რომლებსაც მანამდე ვერ ვხედავდით. მშრალი ხილის შესახებაც უამრავი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როდესაც ქუბას კულინარიულ ფესტივალზე ვიყავით, აღმოვაჩინეთ, რომ არა მარტო ხილის, არამედ ბოსტნეულის გაშრობაც შესაძლებელია. ახლა ვუძღვებით ბიზნესს, რომელიც გუსარში მანამდე არადროს არავის ჰქონია“, - ამბობს ლეილა.
გუსარის რესურსცენტრის კოორდინატორი კამილა ნაჯაფოვა მიიჩნევს, რომ ეს სივრცე ადგილობრივ ქალებს თვალსაწიერის გაფართოებაშიც ეხმარება. „ეს არის არა მარტო ფინანსური გაძლიერების, არამედ სოციალიზაციის შესაძლებლობაც. ქალები გამოდიან საკუთარი სახლებიდან და როგორც მინიმუმ შეხვედრებს ესწრებიან. შეიძლება, ჩვენი წევრები საერთოდ არ გახდნენ, მაგრამ ამსხვრევენ ყინულს და აღწევენ საკუთარი იზოლირებული გარემოდან“, - ჰყვება ის.
სამივე რეგიონში რესურცენტრების ირგვლივ უკვე 530-მდე ქალია გაერთიანებული. აზერბაიჯანში ამ ინიციატივას და ასევე მთლიანად პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამასა და ქვეყნის ოჯახის, ქალთა და ბავშვებთან ურთიერთობის სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი შვეიცარიისა და დანიის მთავრობების მიერაა დაფინანსებული.