გაეროს ქალთა ორგანიზაცია სომხეთში სოფლად მცხოვრები ქალების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის

თარიღი: კვირა, 15 სექტემბერი, 2019 წელი

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც მრავალფეროვან პროდუქტს ქმნიან, საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია და სხვა მეწარმეების გამოცდილების გაზიარება ხშირად არა მარტო მომგებიანი, არამედ სამომავლო განვითარებისთვის სტიმულის მიმცემიცაა.

ქალი მეწარმეები შირაკის რეგიონიდან ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ
ქალი მეწარმეები შირაკის რეგიონიდან ფესტივალზე საკუთარ პროდუქციას წარადგენენ; ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა სომხეთში

მცირეშემოსავლიან რეგიონებში - გეგარკუნიკსა და შირაკში მცხოვრებმა 18-მა ქალმა 14-15 სექტემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ფესტივალზე „სოფლის ცხოვრება და ტრადიციები“ საკუთარი პროდუქცია წარადგინა. ფესტივალს სომხურმა, ქართულმა, ირანულმა და ლიბანურმა აგროტურისტულმა კომპანიებმა უმასპინძლეს. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია Green Lane-ს მიერ, სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ერევნის მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩატარდა.

ნარა 36 წლისაა, შირაკის რეგიონში ცხოვრობს და საკუთარი ხელით გამომცხვარ ტრადიციულ სომხურ ნამცხვრებს ჰყიდის. ფესტივალის სტუმრებს იგი სწორედ ამ ტკბილეულით გაუმასპინძლდა. „ღონისძიება ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. აქ ტრადიციული ნამცხვრების შეფუთვისა და წარდგენის ახალი ტენდენციების შესახებ შევიტყვე. ამას გარდა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ ნამცხვრების წარმოების შესახებ სპეციალურ ტრენინგზე დასწრებაც შემომთავაზა“, - ასეთი იყოს ნარას შთაბეჭდილება ფესტივალის შემდეგ.

28 წლის გოჰარ ღაზარიანმა კი, რომელიც ასევე შირაქის რეგიონიდანაა, ფესტივალის სტუმრებს სამკურნალო ბალახები წარუდგინა. გოჰარი ამ ბალახებს მეგობრებთან ერთად ისე აგროვებს და ახმობს, რომ მათ სამკურნალო თვისებებს სრულად უნარჩუნებს. სპეციალურად ფესტივალისთვის მან ბალახები ხელნაკეთ პაკეტებშიც შეფუთა. „აღმოვაჩინე, რომ ამ პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია. ბევრ სტუმარს კილოობითაც სურდა შეძენა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. ამას გარდა, ბალახების მოყვანას საკუთარ ბაღშიც ვგეგმავ“, - აღნიშნა გოჰარმა.

მიმდინარე წლის ივნისში, ამ ქალებმა ბიზნესის დაწყებისა და განვითარების, ასევე, აგროტურიზმში საქმიანობისა და კვების მრეწველობის შესახებ ტრენინგები გაიარეს. ტრენინგების შედეგად, მათ ცოდნა წარმატებული ბიზნესის წარმოების, აგროტურიზმის ხარისხიანი პროდუქტების შექმნის მეთოდებისა და შემოსავლის გაზრდის შესახებ მიიღეს.

პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამასა და ტერიტორიული ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, გეგარკუნიკსა და შირაკის რეგიონებში დასაქმების უნარების გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სულ140 ქალი გადამზადდება, 140 ქალი კი გაივლის ტრენინგებს, რომლებიც მათ თვითდასაქმებაში დაეხმარება.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ.