ბიზნესმენტორინგის პროგრამა - წარმატების სტარტი ქალებისა და გოგოებისთვის

თარიღი: ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019 წელი

ძამას ხეობა აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. იგი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ლანდაშაფტითა და ტურისტული პოტენციალითაა გამორჩეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოგზაურებს შორის ნაკლებადაა ცნობილი.

ნია ხაჭაპურიძე
ნია ხაჭაპურიძე; ფოტო: ბექა ხარებავა

სწორედ ამ რეალობის შეცვლა სურდა 24 წლის ნია ხაჭაპურიძეს ძამას ხეობის სოფელ გვერძინეთიდან, რომელიც მშობლიურ სახლში სასტუმროს გახსნასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდაზე ოცნებობდა.

ნიამ შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ჯერ ბაკალავრიატი დაამთავრა, მერე კი სწავლა მაგისტრატურაში განაგრძო. სამეცნიერო საქმიანობაში იყო ჩართული, თუმცა, პარალელურად, სოფელში დაბრუნებასა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის წამოწყებაზე მუდმივად ფიქრობდა. სტუდენტობისას იდეის განხორციელებას შეეცადა კიდეც, თუმცა ტურისტების მოძიება ძალიან გაუჭირდა. სწორედ ამ დროს ნიამ ინტერნეტით გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბიზნესმენტორინგის პროგრამის შესახებ შეიტყო და განაცხადის წარდგენა გადაწყვიტა. საბოლოოდ, იგი შერჩეულ კონკურსანტებს შორის მოხვდა და დიდი ხნის იდეის განხორციელებაც დაიწყო.

მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შემდეგ ნია სასტუმროს კონცეფციაზე მუშაობას უშუალო მენტორის, ლაშა ბახუტაშვილის დახმარებით შეუდგა, რომელსაც ელექტრონულ კომერციასა და ტურისტულ ბიზნესში მეწარმეობის გამოცდილება აქვს. თავდაპირველად მათ სახელწოდებად ბოკნეთი - იმ მთის სახელი შეარჩიეს, რომლის ფერდობზეც ნიას სახლი მდებარეობს, მერე კი ბრენდინგიც შექმნეს. პარალელურად, სოციალურ მედიაში გვერდები გახსნეს და ახალბედა სასტუმრო პოპულარულ ტურისტულ პლატფორმებზეც დაარეგისტრირეს. „თავიდან ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ მენტორის დახმარებით საქმიანობა ძალიან გამიმარტივდა. მთელი პროგრამის განმავლობაში სტარტაპერი მონაწილეებისთვის შედეგზე ორიენტირებული გარემო იყო შექმნილი. ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით, მენტორებიც და მონაწილეებიც“, - იხსენებს ნია.

ნიას გარდა, ბიზნესმენტორობის პროგრამაში, რომლის განხორციელება გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კრეატიული განვითარების ცენტრთან ერთად 2018 წლის ნოემბერში დაიწყო, 20 ქალი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში მათ საკუთარი მენტორებისგან მნიშვნელოვანი პროფესიული მხარდაჭერა მიიღეს და შეძენილი ცოდნის საფუძველზე საკუთარი ბიზნესსაქმიანობები განავითარეს. მათ შორის, ნიამაც, რომელიც სოფელში დაბრუნდა და სასტუმრო ბიზნესის კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. „ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მით უმეტეს, ჩემს სოფელში, სადაც სიახლეების ეშინიათ და ახალგაზრდა გოგოს ბიზნესს ეჭვის თვალით, უნდობლობით უყურებენ. თუმცა, ჩემი მენტორი მიზნების სწორად დასახვაში დამეხმარა. თავდაჯერებული გავხდი, სამოქმედო გეგმა შევიმუშავე და მას გავყევი. ახლა უკვე ვიცი, რის შემდეგ რა უნდა გავაკეთო“, - ამბობს ის.

წლევანდელი ზაფხული ნიასთვის პირველი აქტიური ტურისტული სეზონი იყო. უახლოეს მომავალში იგი უკვე კიდევ ერთი ღონისძიების - ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გამართვას გეგმავს. ცოტა ხნის წინ ნიამ ადგილობრივ ფერმერებთან ერთად კოოპერატივიც დააარსა და ახლა რძის საწარმოს აშენებას ელის, სადაც ნატუალური რძის პროდუქციას დაამზადებს.

ბიზნესმენტორინგის პროგრამა ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. იგი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა ურთიერთობები მენტორებსა და მონაწილეებს შორის. ნია ამბობს, რომ ისინი უკვე ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ, ერთმანეთს მხარს მუდმივად უჭერენ, რაც თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.