დასაქმების უნარების გაძლიერება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

თარიღი:

დასაქმების სწორი უნარების გამომუშავებასა და სრულყოფას სამუშაოს მაძიებელი და მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ორიენტ ლოჯიკის
"ორიენტ ლოჯიკის" ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი ოთარ ტაბატაძე ცაგერში ადგილობრივი მეწარმე და სოციალური მობილიზაციის ჯგუფების წევრი ქალებისთვის ტრენინგს ატარებს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანია „ორიენტ ლოჯიკთან“ თანამშრომლობით, დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის 13-14 აგვისტოს ტრენინგები ჩაატარა. შეხვედრები ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში გაიმართა და მათ 35-მდე ადგილობრივი მეწარმე და სოციალური მობილიზაციის ჯგუფების წევრი ქალი დაესწრო.

როგორ შევადგინოთ რეზიუმე, რა გავითვალისწინოთ, როცა სამუშაოზე აყვანის მიზნით გასაუბრებაზე გვიბარებენ და რას უნდა მიაქციოს დამსაქმებელმა ყურადღება კადრის შერჩევისას - ეს იმ ძირითადი საკითხების ნაწილია, რომლებსაც მონაწილეები გაეცნენ. ტრენინგები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და უმეტესწილად რეალურ მაგალითებსა თუ პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა.

“ეს შეხვედრა ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გავიგე, როგორ ვმართო რეზიუმე ისე, რომ ის დამსაქმებლისთვის ამომწურავი და საინტერესო იყოს, როგორ მოვიქცე გასაუბრებაზე. ვფიქრობ, ყველა მონაწილემ გამოვიმუშავეთ ის უნარები, რომელთა ნაკლებობასაც მართლაც განვიცდიდით. მჯერა, მიღებულ ცოდნას სამომავლოდ სამსახურის ძიებისას წარმატებით გამოვიყენებ”, - აღნიშნა ტრენინგის დასრულების შემდეგ 24 წლის ნანა მაისურაძემ, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღარში ცხოვრობს და სოციალურ მობილიზაციაშია ჩართული.

ტრენინგებს საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი ოთარ ტაბატაძე უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების უნარების გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც „ორიენტ ლოჯიკმა“ ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის ფარგლებში, 2018-2020 წლებისთვის შეიმუშავა.

„ჩვენი კომპანიის მოტივაცია ქალთა გაძლიერებასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართვის სურვილითაა განპირობებული. მოხარულები ვართ, რომ ამ თვალსაზრისით, ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის პირველები ვართ. პირადად ჩემთვისაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით ადამიანებისთვის სასარგებლო ინიციატივების შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ ტაბატაძემ.

„ორიენტ ლოჯიკი“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელსაც 150 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მასთან ანალოგიური თანამშრომლობის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს.

დასაქმების უნარების გაძლიერების ტრენინგები, ისევე როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპების კომპონენტი, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.