აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურები თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

თარიღი: ხუთშაბათი, 1 აგვისტო, 2019 წელი

სომხეთის, საქართველოს, მოლდავას, უკრაინის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ სტატისტიკური სისტემების განვითარებაში წვლილის შეტანას კვლავაც გააგრძელებენ და ურთიერთანამშრომლობას გააღრმავებენ.

საქსტატის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიანი თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნა
საქსტატის 100 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20-წლიანი თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

აღნიშნული განცხადება მათ გენდერული სტატისტიკის წარმოების რეგიონულ კონფერენციაზე გააკეთეს, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების ანგარიშგების გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეძღვნებოდა.

გენდერული სტატისტიკის წარმოების რეგიონული კონფერენცია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად უმასპინძლა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული სტატისტიკის გლობალური ინიციატივის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციას საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ნაციონალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე, გენდერული სტატისტიკის წარმოებასა და გავრცელებაზე, გენდერულ ჭრილში აქტივების ფლობასა და დროის გამოყენებაზე, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის კვლევების შედეგად გამოვლენილ გამოწვევებსა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარმა სტატისტიკოსმა პაპა სეკმა მიმართეს.

ჰაკათონის მონაწილე გუნდების ნამუშევრების შეფასება
ჰაკათონის მონაწილე გუნდების ნამუშევრების შეფასება; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„გენდერული თანასწორობა გენდერული სტატისტიკის გარეშე არ მიიღწევა. აღნიშნული კონფერენცია შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლისთავი და გენდერული სტატისტიკის წარმოების 20 წელი აღვნიშნოთ. ამ სამსახურის არსებობა ფაქტებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და გენდერულად თანასწორი პოლიტიკის ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარმა სტატისტიკოსმა პაპა სეკმა.

„გენდერული სტატისტიკა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შექმნა-განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, რაც ინკლუზიური და მდგრადი განვითარების საწინდარია”, - აღნიშნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

“კარგი გენდერული სტატისტიკა უფრო მეტია, ვიდრე გენდერულად სეგრეგირებული მონაცემები. ქალებისა და კაცების ყოველდღიურობაში არსებული სიტუაციის კრიტიკული შეფასება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა მკვლევარმა მარია ჯუზეპინა მურატორემ.

გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი Untitled 1 გახდა. გუნდმა საოჯახო შრომისა და მოვალეობების თანაბარი გადანაწილების შესახებ ინტერაქტიული, ილუსტრირებული აპლიკაცია შექმნა. ღონისძიება კონფერენციის ფარგლებში იმართებოდა და მასში ახალგაზრდების ექვსი გუნდი მონაწილეობდა.