ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა კიდევ უფრო აქტიური ხდება

თარიღი: სამშაბათი, 20 აგვისტო, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირთან ერთად, ქვემო ქართლში 2016 წლიდან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მონაცემებით, რომელიც საქართველოში 2017 წელს ჩატარდა, ამ რეგიონში ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაინტერესებული მხარეების შეხვედრა ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის კუთხით გაწეული ძალისხმევის, სამომავლო გამოწვევებისა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერების განსახილველად
დაინტერესებული მხარეების შეხვედრა ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის კუთხით გაწეული ძალისხმევის, სამომავლო გამოწვევებისა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერების განსახილველად; ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

20 აგვისტოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, სახალხო დამცველის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს არსებული პროგრესის შეფასება და ქვემო ქართლში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. ამავდროულად, მონაწილეებმა მომსახურების მიმწოდებლებს შორის მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის შეთავაზებული მომსახურებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართულობის გაზრდაზეც იმსჯელეს.

2016-2019 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების გასაუმჯობესებლად არაერთი ღონისძიება განახორციელა. მათ შორის იყო მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების - იურისტების, პოლიციის, სახალხო დამცველის ოფისისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდა. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ცნობიერების ამაღლების კამპანიები ჩატარდა და მარნეულში (ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრი შეიქმნა.

მარნეულის კრიზისული ცენტრი, რომელიც 2019 წლის დასაწყისში გაიხსნა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის ფსიქოლოგიურ, სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რეაბილიტაციას, ასევე, სამედიცინო, იურიდიულ და რეფერალურ მომსახურებებს უზრუნველყოფს. იგი თბილისის, ქუთაისის(იმერეთი), გორისა (შიდა ქართლი) და ოზურგეთის (გურია) კრიზისულ ცენტრებთან ერთად, მეხუთე სახელმწიფო კრიზისული ცენტრია.

„კრიზისული ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ქალებმა რომ აღნიშნულ მომსახურებებზე ინფორმაცია მიიღონ და მათზე ხელი მიუწვდებოდეთ, ცნობიერების ამაღლება და მულტისექტორული ძალისხმევის გაზრდაა აუცილებელი“, - განაცხადა მარნეულის კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ბედიანაშვილმა.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა მარნეულში მომუშავე სახალხო დამცველის ოფისის გენდერის სპეციალისტმა მარიამ გვიდიანმაც, რომელმაც 2017 წლიდან დღემდე კონსულტაცია 765 ბენეფიციარს გაუწია. „ქვემო ქართლის რეგიონში ძირითადად ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ვმუშაობთ. აღსანიშნავია, რომ მომართვიანობა ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის საკითხებზე ყოველწლიურად იზრდება“, - განაცხადა მან.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად სრული მზაობა გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებით დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობას აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები