ქალი მეწარმეები მენტორების დახმარებით მიღწეულ წარმატებაზე საუბრობენ

თარიღი:

ბიზნესმენტორობა სასარგებლოა როგორც მეწარმე ქალებისთვის, ისე მენტორებისთვის, რისი დასტურიცაა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენტორობის პროგრამა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

მენტორობის პროგრამის მონაწილე მეწარმე ქალი ბიზნესმენტორთან ერთად საკუთარ მიღწევებს აჯამებს
მენტორობის პროგრამის მონაწილე მეწარმე ქალი ბიზნესმენტორთან ერთად საკუთარ მიღწევებს აჯამებს; ფოტო: ბექა ხარებავა

22 მეწარმე ქალი მენტორებთან 2018 წლის ნოემბერში დაწყვილდა. ამ პერიოდიდან მათ ბიზნესის განვითარების მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი პროფესიული მხარდაჭერა მიიღეს. მიმდინარე წლის 13-14 ივლისს კი ისინი მენტორებთან ერთად თბილისში შეიკრიბნენ და საკუთარი წარმატებები შეაჯამეს.

მენტორთა შორის სასტუმრო კრონ პალას თბილისის გენერალური მენეჯერი მაია მახათაძეც იყო, რომლის კომპანიაც ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ერთ-ერთი ხელმომწერია. მან მენტორობა ბაკურიანში მდებარე ეკოსასტუმროს ისეთ საკითხებზე გაუწია, როგორებიცაა საბუღალტრო აღრიცხვა, თანამშრომლების პროფესიული გადამზადება და სასტუმროს გარემოს ლანდშაფტის მოწესრიგება. მაია მიღწეული პროგრესით კმაყოფილია და მხარდაჭერის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს.

თანამშრომლობის შედეგებით კმაყოფილები არიან ქალი მეწარმეებიც. რამდენიმე მათგანი პროდუქტის მრავალფეროვნების, ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას სწორედ მენტორს უკავშირებს. „ნართულის“ დამფუძნებელმა სალომე იობაძემ, რომლის კომპანიაც ქარგვის ბიზნესითაა დაკავებული, სოციალური მედიისა და მარკეტინგის კუთხით მენტორისგან კონკრეტული დახმარება მიიღო. „გადავწყვიტეთ, ბრენდის სახელი შეგვეცვალა, რადგანაც ის მომხმარებლებისთვის სწორ მოლოდინს არ ქმნიდა. ჩემი მენტორი ბიზნესისთვის ახალი ლოგოს შექმნაშიც დამეხმარა. პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ მოთხოვნა უფრო დიდი გვქონდა, ვიდრე წარმოება, ამიტომ თბილისში ახალი მქარგველის დამატება მოგვიხდა“, - განაცხადა სალომემ.

კიდევ ერთი მეწარმის, სალომე წიქვაძის დამწყები ბიზნესი საგანმანათლებლო თამაშებს ეხება. მენტორობის პროცესში მან საქართველოში ჟესტური ენის პოპულარიზაციისთვის სამაგიდო თამაში შექმნა, შემდეგ კი მისი გაყიდვა დაიწყო. მენტორის დამსახურებებზე საუბრისას მან მთავარი აქცენტი პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სალომეს თამაშმა 2019 წლის 18 ივლისს „ბრიტანეთის საბჭოს 2019 წლის დიდი იდეის გამოწვევის“ (Big Idea Challenge 2019) სოციალური ზეგავლენის კატეგორიაში გაიმარჯვა. სალომეს კი უკვე ხუთი ახალი თამაშის იდეა აქვს.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენტორობის კომპონენტი კრეატიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მენტორობის საპილოტე გამოცდილებას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად სამომავლო პროგრამებში გამოიყენებს.