გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას აგრძელებს.

პრაქტიკული სემინარი გენდერული თანასწორობის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ანაკლიაში
პრაქტიკული სემინარი გენდერული თანასწორობის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ანაკლიაში; ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

10-12 ივლისს, ანაკლიაში, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020) განხორციელების, მონიტორინგისა და ანგარიშგების ეფექტიანი კოორდინირების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიზანს უწყებათშორისი კომისიის შედეგიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის უკეთ განხორციელებას.

სემინარის მესამე დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ რუხში, კერძოდ კი, რუხის ინოვაციების ცენტრში, უწყებათაშორისი კომისიის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მომუშავე თემატური სამუშაო ჯგუფის წევრები სოფლის მოსახლეობას, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებსა და დევნილებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის შედეგად, უწყებათაშორისი კომისიის წევრები გაეცნენ, თუ როგორ ხორციელდება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმა ადგილობრივ დონეზე, რა გამოწვევები, საჭიროებები და პრიორიტეტები აქვს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას. მდგომარეობის გაუჯობესების მიზნით, შეხვედრაზე გამოვლენილი საკითხების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

„ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშგება სისტემატურად გვიწევს, ამიტომ სემინარის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი იყო არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე უშუალოდ დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან მსჯელობა, განხორციელებული თუ დაგეგმილი აქტივობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებაც. რუხში გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრა კი ამ ფორმატში პირველად ჩატარდა და პრობლემების იდენტიფიცირების თუ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, მართლაც სასასრგებლო იყო”, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ლალი დევიძემ.

პრაქტიკული სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან პარტნიორობითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით იყო ორგანიზებული.