ქართველი და სომეხი პარტნიორების მგრძნობელობის ამაღლება გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ

თარიღი:

გენდერისა და ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გენდერული პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკის მნიშვნელობის გააზრების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 14-19 ივლისს, კახეთში, ლოპოტა სპა რეზორტში, გენდერისა და ეკონომიკის საკითხებზე ხუთდღიანი ტრენინგი გამართა.

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები გენდერისა და ეკონომიკის შესახებ მაღალი დონის შეხვედრას ესწრებიან
საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები გენდერისა და ეკონომიკის შესახებ მაღალი დონის შეხვედრას ესწრებიან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ტრენინგს სხვადასხვა სამთავრობო უწყების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აკადემიური სექტორის, საქართველოს პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ სიღრმისეულად გაიაზრეს გენდერსა და ეკონომიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა თეორიული მიდგომა და პრაქტიკა, მათ შორის ოჯახზე ზრუნვისას გაწეული აუნაზღაურებელი შრომა, ღირსეული სამუშაო და სოციალური დაცვა, არათანაბარი შემოსავლები და სიღარიბე გენდერულ ჭრილში.

“სანამ ტრეინინგს დავესწრებოდი, ვფიქრობდი, რომ გენდერულად ნეიტრალურ პოლიტიკასა და პროგრამებს ვახორციელებდით, თუმცა ახლა მესმის, რომ თუ გენდერულ ასპექტებს მხედველობაში არ მივიღებთ, არსებობს საფრთხე, რომ ვერ გავითვალისწინებთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის - ქალების საჭიროებებს“ , - განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ ეგუტიამ. „ტრენინგმა ნათლად დამანახა მნიშვნელოვანი იდეები და პერსპექტივები, რომლებსაც პროგრამების შემუშავების დროს აუცილებლად გავითვალისწინებ, რათა მათი გენდერული ცნობიერება უფრო მაღალი იყოს“ - დასძინა მან.

გენდერისა და ეკონომიკის საკითხებზე ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს მოამზადა. კურსის მიზანი გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ტექნიკური მრჩევლებისა და პროგრამის თანამშრომლების შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 22 ივლისს საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და განვითარების პარტნიორების მონაწილეობით მაღალი დონის შეხვედრა გამართა, რომლის მიმდინარეობისასაც კურსის ძირითადი საკითხების პრეზენტაცია და განხილვა შედგა. „ქვეყანაში ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გარეშე ინკლუზიური ზრდის მიღწევა შეუძლებელია, ამიტომ დღევანდელი განხილვის თემა ძალზედ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში კურსის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებზე (როგორიცაა: ოჯახზე ზრუნვისას გაწეული აუნაზღაურებელი შრომა, მშობლის დეკრეტული შვებულების რეგულირება, არათანაბარი შემოსავლები და მაღალი დონის ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების ხელმისაწვდომობა) მუშაობას გააგრძელებენ.

აღნიშნული ღონისძიებები პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.