ქალთა გაძლიერების პრინციპების ქართული გამოცდილება - სტიმული ახალი კომპანიებისთვის

თარიღი:

საქართველოში მოქმედმა კერძო კომპანიებმა, რომლებმაც ქალთა გაძლიერების პრინციპები დანერგეს, ხელშესახებ, პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწიეს. მათი გამოცდილება კარგი სტიმულია ბიზნესორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ გლობალური ინიციატივით ახლა ინტერესდებიან.

ქალთა გაძლიერების პრიციპებზე ხელმომწერი კომპანიები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ
ქალთა გაძლიერების პრიციპებზე ხელმომწერი კომპანიები საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ქსელის გაფართოებას და ხელს უწყობს მათი მაგალითების სხვა ბიზნესებისთვის გაზიარებას. ამ მიზნით, ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანაშრომლობით, 4 ივლისს ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებისთვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეები ქალთა გაძლიერების პრინციპებსა და მათი დანერგვის შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიებას კერძო სექტორის ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული პრინციპები საქართველოში ერთ-ერთმა პირველებმა დანერგეს და ახლა მზად არიან, საკუთარი მაგალითები სხვებსაც გაუზიარონ.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ შეხვედრის მონაწილეებს იმ ინიციატივებზე უამბო, რომლებიც მისმა კომპანიამ ქალებს შესთავაზა: „მიმდინარე წლის მარტში პირველად შევქმენით ქალთა ბონდები, ქალ მეწარმეებს სპეციალური წინადადებები მოვუმზადეთ და საკრედიტო მომსახურება მათთვის 5%-ით შევამცირეთ. შედეგად, 2000-ზე მეტმა ქალმა ჯამში 4,2 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კიდევ ერთი ქართული კომპანიის „ეისითი საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან თელიამ კი დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებაზე უამბო. „ჩვენი კომპანიის დასაქმებულთა 85% ქალია. ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილებამ სტიმული მოგვცა, რომ მხარი დაგვეჭირა დასაქმებულებისთვის პირადი და საქმიანი ცხოვრების ბალანსის დაცვაში. სწორედ ამიტომ, მოქნილი სამუშაო გრაფიკი დავნერგეთ, რაც პოზიტიურად აისახა როგორც პროდუქტიულობაზე, ისე სამუშაოთი კმაყოფილების ხარისხზე. ქალთა გაძლიერებაში წვლილის შეტანა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა რუსუდან თელიამ.

შეხვედრის ბოლოს 20-მდე კომპანიამ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის სურვილი გამოთქვა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ამ ქსელის გაფართოების მიზნით, კერძო სექტორთან რეგულარულ მუშაობას კვლავაც გააგრძელებს. ამჟამად საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე 30-მდე კომპანიაა ხელმომწერი.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.