ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა გურიაში

თარიღი: ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019 წელი

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გურიაში ოჯახში ძალადობაზე რეაგირების გაუმჯობესებასა და პრობლემის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე მუშაობს.

დისკუსია გურიაში მომუშავე მომსახურებების მიმწოდებლებს შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დიალოგისა და კოორდინაციის გაძლიერებისთვის
დისკუსია გურიაში მომუშავე მომსახურებების მიმწოდებლებს შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დიალოგისა და კოორდინაციის გაძლიერებისთვის; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამ ძალისხმევის ფარგლებში, 2019 წლის ივლისში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადგილობრივ თემებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან ოჯახში ძალადობის შესახებ შეხვედრების სერია გამართა. შეხვედრები მიზნად ისახავდა მომსახურების მიმწოდებლებს შორის ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ადგილობრივი შესაძლებლობებისა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

23 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, პოლიციელების ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს, მათ შორის შსს-ს მიერ ამ სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მიეძღვნა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ოჯახში ძალადობის რისკების შეფასება, სექსუალური შევიწროებისა და ადევნების შესახებ ახალი კანონმდებლობა. ტრენინგი მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გურიაში პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა. “ნაყოფიერი ტრენინგი იყო. გამომძიებლებს არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდათ რისკების შეფასების ინსტრუმენტისა და კითხვარის შევსების, მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ. მონაწილეებს მათი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდეთ და კონკრეტული რეკომენდაციებიც გავაცანით",- აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრენერმა გოგა რაზმაძემ.

ზღაპრების კრებულის,
ზღაპრების კრებულის, "იყო ერთი გოგოს" ერთ-ერთი ავტორი ტორესა მოსი გურიის სოფლებში - ლიხაურსა და ნასაკირალში ადგილობრივ ბავშვებს ხვდება; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

24 ივლისს კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დისკუსიას უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად გურიაში მომუშავე მომსახურებების მიმწოდებლებს შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დიალოგისა და კოორდინაციის გაძლიერებას ისახავდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო ფონდის, სახალხო დამცველისა და გურიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი ოზურგეთის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ გაუსვა, რომელმაც მსხვერპლთათვის დახმარების გაწევაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი უკვე ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრისით უზრუნველყოფენ.

პარალელურად, გურიის ორ სოფელში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადგილობრივ ბავშვებს ქართული ზღაპრების კრებული - „იყო ერთი გოგო“ წარუდგინა. კრებული 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. კრებული გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წელს გამოიცა.

2017-2019 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სხვადასხვა ინტერვენცია განხორციელდა. ღონისძიებებს შორისაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის გახსნა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ადგილობრივი მომსახურების მიმწოდებლებისთვის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის თანამშრომლებისთვის.