გამყოფი ხაზისპირა სოფლების მოსახლეობასთან რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

თარიღი:

გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანსა (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ქართველ მონაწილეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

IPRM-ის ქართველი მონაწილეები სოფელ ფახულანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ
IPRM-ის ქართველი მონაწილეები სოფელ ფახულანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ინიციატივის მიზანია IPRM-ის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება, ადგილზე არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, IPRM-ის მონაწილეებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტიურ მოქალაქებსა და ახალგაზრდებს შორის რეგულარული დიალოგის უზრუნველყოფა და გაძლიერება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა IPRM-ის შეხვედრების (გალში) შეწყვეტის მიზეზებზე, მათი აღდგენის აუცილებლობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შემდგომ კი ადგილობრივ მოსახელობათან კითხვა-პასუხის რეჟიმში კონკრეტულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ადგილზე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებსა და მათი გადაწყვტის გზებზე იმსჯელეს. კერძოდ, შეხვედრაზე ადგილობრივმა ქალებმა თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების, გადასასვლელების არსებობის აუცილებლობის, ხალხთა შორის კავშირების შენარჩუნებისა და გაძლიერების საკითხები წამოჭრეს.

ასევე, შეხვედრებზე ხაზი გაესვა მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის პრობლემას, რაც გამყოფი ხაზისპირა სოფლებიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მასობრივ გადინებას უწყობს ხელს. ამავდროულად, დისკუსია შეეხო შემდეგ საკითხებსაც: მოსახლეობის ინფორმაციული ვაკუუმი, დაბალი ხარისხის ინტერნეტ და სატელეფონო კავშირი, ამბულატორიების, სოფლის ექიმებისა და აფთიაქების არარსებობა, საბანკო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა და სხვა საკითხები. „პრაქტიკულად ობლად დარჩენილი კუნძული ვართ, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები მაინც ვრჩებით და ვამაგრებთ სოფელს“ - განაცხადა ერთ-ერთმა ხურჩელმა ქალმა.

აღნიშნული შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითაა ორგანიზებული.