ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება

თარიღი: ორშაბათი, 20 მაისი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მხარდაჭერას განაგრძობს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეები სამოქალაქო სექტორსა და ექსპერტებს ხვდებიან
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეები სამოქალაქო სექტორსა და ექსპერტებს ხვდებიან; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

აღნიშნული შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე, ქალთა ჩართულობის, მათი პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასახვა.

20 მაისს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მსვლელობისას მონაწილეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის მთავარი შედეგები განიხილეს. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს მიერ დაყენებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გარდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანების უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და მათ ეფექტიან მონაწილეობაზე გაკეთდა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა მარტა ფრიმანმა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე ისაუბრა: „მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონაწილეობა, მათი პრობლემების, პერსპექტივების მოსმენა და გათვალისწინება. თუკი მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტის გამოცდილებას შევხედავთ, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობის მიღწევა, [ქალთა] სათანადო მონაწილეობის უზრუნველყოფის გარეშე წარმოუდგენელია“, - აღნიშნა მან.

ამას გარდა, შეხვედრაზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა გამყოფ ხაზთან არსებული ადამიანის უსაფრთხოების, თავისუფალი გადაადგილების, ტრეფიკინგის შემთხვევებისა და მათი აღკვეთის გზების, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგოების უფლებების საერთაშორისო სტანდარტებისა და ინსტრუმენტების, მათ შორის მონიტორინგის მექანიზმების გავრცელების აუცილებლობას. ქალთა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საკუთარი წვლილი შეიტანონ კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები