ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს გამოცდილებას უკრაინის დელეგაცია გაეცნო

თარიღი: სამშაბათი, 23 აპრილი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, უკრაინის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და პრაქტიკას გაეცნენ.

საქართველოს მთავრობამ უკრაინის დელეგაციას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილება გაუზიარა
საქართველოს მთავრობამ უკრაინის დელეგაციას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილება გაუზიარა; ფოტო: საქართველოს მთავრობა

დელეგაციას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თემატური სამუშაო ჯგუფის წევრებმა უმასპინძლეს. მათ უკრაინელ სტუმრებს გენდერული პოლიტიკის ინტეგრირების შესახებ უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული ღონისძიებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმატებით დანერგილი ცვლილებები, ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, უწყებათა კომპეტენციისა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები გააცნეს.

დელეგაციის წევრები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სამთავრობო სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფითაც დაინტერესდნენ. ვიზიტის ფარგლებში (22-26 აპრილი), უკრაინელი სტუმრები ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ. ისინი შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, სახალხო დამცველის, სხვადასხვა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო. ამჟამად საქართველოს მთავრობას 2018-2020 წლებისთვის რიგით მესამე სამთავრობო სამოქმედო გეგმა აქვს დამტკიცებული. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების ადვოკატირებითა და ტექნიკური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისთვის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმია.

ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოსა და უკრაინის ოფისების მიერ. იგი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარების ამ ქვეყნებსა და რეგიონში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების გასაუმჯობესებლად.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები