გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალთა ფორუმის პარტნიორია

თარიღი:

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან ბათუმში, ეროვნულ ფორუმზე შეიკრიბნენ.

მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან ბათუმში, ეროვნულ ფორუმზე შეიკრიბნენ
მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან ბათუმში, ეროვნულ ფორუმზე შეიკრიბნენ; ფოტო: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

ბიზნესკავშირების დამყარება, მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობის გაზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საქმიანობის პოპულარიზაცია, შესაძლებლობების გაძლიერება და ცოდნის ამაღლება - ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომლებსაც ღონისძიება ემსახურებოდა.

ფორუმს ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქალთა ოთახებთან ერთად. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფორუმის პარტნიორი წელს პირველად გახდა.

ღონისძიების ფარგლებში, ოთხი პარალელური ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი - როგორ გავაფართოვოთ ბიზნესი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ჩართულობით წარიმართა. ფორუმს 250-მდე დელეგატი ქალი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტში - „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ - ჩართული მეწარმე ქალებიც.

„ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს სამეწარმეო საქმიანობაში, ან გააფართოოს უკვე არსებული ბიზნესი. ეს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის წინაპირობაა“,- აღნიშნა ფორუმზე მოწვეულმა ტრენერმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიიდან ლაშა კობერიძემ.

„სხვა ფორუმებისგან განსხვავებით, დღეს შესაძლებლობა გვქონდა, არა მარტო კავშირები დაგვემყარებინა, არამედ ჩვენი ცოდნა ისეთ საკითხებზე გაგვეღრმავებინა, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, ემოციური ინტელექტი, მარკეტინგი და სხვა“ , - აღნიშნა ნინო გაბრიაძემ, რომელსაც აჭარის რეგიონში, კერძოდ კი ხელვაჩაურის რაიონში, გოჯიბერისა და ჟოლოს პლანტაციები აქვს. ნინო ფორუმზე ქალ მეწარმეთა ჯილდოს მფლობელიც გახდა.

ფორუმის მონაწილეები ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ღონისძიება ბიზნესში ჩართული ქალებისთვის კომუნიკაციის ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, მათ საშუალება ეძლევათ, ერთმანეთის გამოცდილებას გაეცნონ, საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ და ბიზნესში ქალთა ჩართულობის კუთხით არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.