მთავრობა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას გეგმავს

თარიღი:

1 თებერვალს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

რემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კომისიის წლიური ანგარიში წარადგინა და წინა წლის წარმატებებზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კომისიის წლიური ანგარიში წარადგინა და წინა წლის წარმატებებზე ისაუბრა; ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ გახსნა. მან კომისიის წლიური ანგარიში წარადგინა და წინა წელს მიღწეული წარმატებები თუ გამოწვევები განიხილა.„აუცილებელია, გავიაზროთ და შევთანხმდეთ, თუ რა გაკეთდა და რა პრიორიტეტები რჩება მომავალი წლებისთვის. დასახული მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ყველა შესაბამისი უწყებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მუშაობა“, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ირინე ფრუიძემ აღნიშნული საბჭოს წლიური ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა, რომელთა შორისაა გენდერული თანასწორობის კონცეფციის განახლება და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

კომისიის წევრებმა ეროვნული სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული გარკვეული აქტივობები, ასევე ის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც გენდერულ თანასწორობასთან, ქალთა გაძლიერებასთან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრეს. მათ შორის იყო, ეროვნული რეფერალური მექანიზმის განახლება, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეტ მდგრადობასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეებისთვის ელექტრონული სამაჯურის მონიტორინგის სისტემის დანერგვა და სტატუსის დამდგენი ჯგუფის მუშაობის გაუმჯობესება.

ამას გარდა, უწყებათაშორისმა კომისიამ ისეთი საკითხები განიხილა, როგორებიცაა კომისიის სხდომებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა და კომისიის სამომავლო ღონისძიებები საერთაშორისო ორგანოებისთვის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით. შეხვედრას კომისიის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია 2017 წლის ივნისში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების ადვოკატირებითა და ტექნიკური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მისი მანდატი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მართვაა. კომისია იმ დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელებაში არიან ჩართულები.