საბავშვო ბაღები ქალების პერსპექტივისთვის

თარიღი:

„ორი პატარა ისე გავზარდე, რომ საბავშვო ბაღში სოფელ წილკნიდან მეორე სოფელში - წეროვანში დამყავდა. გზა ძალიან დაზიანებულია, ხან ტრანსპორტი ფუჭდებოდა, ცუდ ამინდში ლოდინი გვიწევდა, რის გამოც ბავშვები ხშირად ავად ხდებოდნენ.

წილკნის საბავშვო ბაღის მენეჯერი ეკა დაუდაშვილი
წილკნის საბავშვო ბაღის მენეჯერი ეკა დაუდაშვილი; ფოტო: ქალთა ფონდი "ტასო"

არა მარტო მე, არამედ სხვა მშობლებიც, რომლებსაც შვილები ჩემსავით წეროვანში დაჰყავდათ, ძალიან წვალობდნენ, განსაკუთრებით ზამთარში“, - ასე ეკა დაუდაშვილი იმ დროს იხსენებს, როდესაც ყოველ სამუშაო დღეს შვილების ბაღში ავტობუსით წასაყვანად სულ მცირე 1 საათი სჭირდებოდა. მერე კი სამსახურში მიიჩქაროდა. ხშირად აგვიანდებოდა და ამაზეც ძალიან ღელავდა. იმ პერიოდში მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ საბავშვო ბაღი, რომელსაც მისი პროფესიული რეალიზებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, წილკანშიც გახსნილიყო.

სოფელი წილკანი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. აქვეა დევნილთა ჩასახლებაც, რომელშიც 400 მოსახლე ცხოვრობს. მათ საკუთარი სახლები 2008 წლის კონფლიქტის დროს, იძულებით მიატოვეს და ახალი ცხოვრება ამ დევნილთა ჩასახლებაში დაიწყეს. პროფესიით პედაგოგი ეკა დაუდაშვილიც ერთ-ერთი მათგანია. ეკას ოცნება საბავშვო ბაღის შესახებ წლების შემდეგ ახდა: მისი შვილები უკვე სკოლაში დადიოდნენ, როცა 2017 წელს წილკანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით, საბავშვო ბაღის შენობა აშენდა. დღეს ეკა უკვე ამ ბაღის მენეჯერია.

საბავშვო ბაღის ეზო სოფელ წილკანში, რომლის კეთილმოწყობაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ძალისხმევით განხორციელდა
საბავშვო ბაღის ეზო სოფელ წილკანში, რომლის კეთილმოწყობაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ძალისხმევით განხორციელდა; ფოტო: ქალთა ფონდი "ტასო"

დიდი მანძილით დაშორებული საბავშვო ბაღები ან მათი არარსებობა როგორც ქალებისთვის, ისე ბავშვებისთვისაა პრობლემატური. ბავშვზე ზრუნვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ბავშვის ადრეული განვითარების გამოწვევაა და, ამავდროულად, იგი ქალთა ეკონომიკურ აქტივობას, განათლებასა და დასაქმებასაც აფერხებს. სწორედ ამიტომ, წლებია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვასა და რემონტს უწევს მხარდაჭერას. 2017-2018 წლებში კი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ მიმართულებით ქალთა საერთაშორისო ასოციაციასთანაც ითანამშრომლა და ქალთა ფონდ „ტასოსთან“ ერთად, სამი საბავშვო ბაღის კეთილმოწყობის ინიციატივები განახორციელა. კერძოდ, 2017 წელს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში, მარტვილის დევნილთა დასახლებასა და სოფელ ოქტომბრის დევნილთა დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღების ეზოები მოეწყო, 2018 წელს კი ორგანიზაციები სოფელ წილკანში სწორედ იმ საბავშვო ბაღს დაეხმარნენ, რომლის მენეჯერი ეკა დაუდაშვილია.

საქმე იმაშია, რომ წილკნის საბავშვო ბაღში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 71 ბავშვისთვის მხოლოდ საშუალო და გამოსაშვები ჯგუფები იყო გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლამდე ბავშვებისთვის ცალკე ჯგუფის გახსნა აუცილებლობას წარმოადგენდა, სათანადო ინვენტარის უქონლობა ბაგის ასაკის პატარებისთვის ჯგუფის შექმნას აფერხებდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის დახმარებით კი, საბავშვო ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით, ახალი სამზარეულოთი, ფორტეპიანოთი და სათამაშოებით აღიჭურვა, ეზო კი კეთილმოეწყო.

„ეს ინიციატივა ძალიან მნიშნველოვანია. ჩვენს ორგანიზაციაში ხშირად ვიგებთ საბავშვო ბაღებში ამგვარი პრობლემების შესახებ და დახმარების სურვილი სულ გვაქვს. გვინდა, ჩვენი დებისთვის რთული სიტუაცია გამოვასწოროთ, რადგან ვიცით, რომ ეს პრობლემები ძირითადად ქალებზე აისახება. გვიხარია, რომ ამ შენობის რეაბილტიაციასა და მთლიანად თემის ცხოვრებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ“, - აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ალეიდ დოუმა.

ეკა დაუდაშვილისაც მიაჩნია, რომ წილკნის საბავშვო ბაღისთვის აღმოჩენილი მხარდაჭერა ბევრ ადგილობრივ ქალს დაეხმარება, დროსაც გამოუთავისუფლებს და მათ ახალ პერსპექტივებსაც გაუჩენს.

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2010 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონებში 16 საბავშვო ბაღის კეთილმოწყობასა და ინვენტარით აღჭურვას დაუჭირა მხარი.