გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის საკითხებზე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობას

თარიღი:

უკვე 3 წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობს. პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება და თანამშრომლობის ახალ სივრცეებს ქმნის.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ერთ-ერთ ამგვარ ახალ ინიციატივას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და რეფერირების საკითხებზე კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, რომელსაც საფუძველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩაეყარა.

16 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ერთად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და რეფერირების მექანიზმებზე ერთდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგზე მონაწილეები არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს, ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიურ-სოციალურ ასპექტებს, სამართლებრივი რეგულირების საკითხებსა და მსხვერპლთათვის არსებულ სახელმწიფო მომსახურებებს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგი თავად ბიზნესკომპანიების დაინტერესებისა და თხოვნის საფუძველზე ჩატარდა.

„ამგვარი ტრენინგები მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთათვის, ისე დამსაქმებელთათვის, რათა მსხვერპლის იდენტიფიცირება და დახმარება დროულად მოხდეს“, - განაცხადა ტრენინგის დასრულების შემდეგ კომპანია ჯეპრას წარმომადგენელმა გიგა ჯაჯანიძემ.

“ბიზნესკომპანიებს სახელმწიფო ფონდის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია და საცნობარო მასალა მიეწოდათ. ვფიქრობ, კერძო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის ასეთი ტრენინგები მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის გაზიარება და ძალადობის მსხვერპლ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებისთვის სამომავლო თანამშრომლობის კონტურების გამოკვეთა ხდება“, - აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ალადაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და რეფერირების მექანიზმებზე კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს.

ტრენინგი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.