ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირებაში ქართული მედიის ჩართულობა იზრდება
თარიღი:
ქალთა საკითხების ადვოკატირების პროცესში მედიის წარმომადგენლების ჩართულობასა და მუდმივ ინფორმირებას მთლიანად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დამოკიდებულებების შეცვლის პროცესში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია.
სწორედ ამიტომ, ქალთა საკითხების მრავალმხრივი თუ გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების კუთხით გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივი ჟურნალისტების მხარდაჭერას სისტემატურად ახორციელებს და ამ მიზნით მათთვის პერიოდულად სემინარებსა თუ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორებთან - საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (სიდა) და ფონდ „ტასოსთან“ ერთად, 22-23 სექტემბერს გამართა.
ღონისძიება პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა და მას ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდვითი და ონლაინმედიის 19 წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეები პროექტის მიზნებსა და ინიციატივებს, ასევე, საქართველოში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის, არაფორმალურ ეკონომიკაში მათი ჩართულობის მიზეზებისა და შედეგების კვლევის მიგნებებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზეც, როგორებიცაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ის როლი, რომლის შესრულებაც მათ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში შეუძლიათ.
„ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მედიაში მასალები თითქმის არ გვხვდება, ამიტომ როგორც გენდერზე, ისე ეკონომიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ბევრი ისეთი საყურადღებო ინფორმაცია მივიღე, რომელზეც აუცილებლად ვიმუშავებ. განსაკუთრებით ქალთა საკუთრების უფლება და ქონების გადანაწილების პროცესში არსებული უთანასწორობა მაინტერესებს, რაც ქალებისთვის საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, გამომწვევი ხდება“, - აღნიშნა გამოცემა „ლიბერალის“ ჟურნალისტმა თათია ხალიანმა.
შეხვედრის ერთ-ერთი ნაწილი ქალთა საკითხების ადვოკატირებაში მედიის როლსა და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებას დაეთმო, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია უძღვებოდა. „მედიას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე როგორც ყველასთვის თანასწორი და არადისკრიმინაციული სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების, ისე ადამიანთა რომელიმე ჯგუფის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების შექმნის თვალსაზრისით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიაორგანიზაციის ყველა რგოლს, დაწყებული მფლობელითა და მენეჯმენტით, დამთავრებული ჟურნალისტებითა და სარეკლამო განყოფილების თანამშრომლებით კარგად ჰქონდეს გააზრებული, რომ გენდერულად მგრძნობიარე რეპორტინგი ისეთივე აუცილებელი პროფესიული სტანდარტია დღეს მედიისთვის, როგორც მოქალაქეთათვის ფაქტებზე დაფუძნებული და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება”, - განაცხადა ნინო დანელიამ.
შეხვედრის ბოლოს კი კომპანია მ2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ შორენა დარჩიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ის ინიციატივები წარუდგინა, რომლებიც კომპანიამ ქალთა ეკონომიკური განვითარების მხადაჭერის მიზნით, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შემდეგ განახორციელა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ანალოგიური ღონისძიების ჩატარებას რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვისაც გეგმავს. მედიასთან შეხვედრები პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.