გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბენეფიციარმა ქალებმა შვარცკოფის სასწავლო პროგრამა გაიარეს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების ბენეფიციარი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.

მეცადინეობა შვარცკოფის სტუდიაში
მეცადინეობა შვარცკოფის სტუდიაში; ფოტო: ფონდი "ტასო"

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო კომპანია შვარცკოფის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა სტილისტის პროფესიის შემსწავლელი, ინტენსიური, სერტიფიცირებული კურსი გაიარეს. სწავლება მათი სამომავლო დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება.

სასწავლო პროგრამის მონაწილეები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორების - ფონდ „ტასოს“, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის ორგანიზაცია „ამაგდარისა“ და ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მეშვეობით მოიძია. გასაუბრებების შედეგად სულ 18 ქალი შეირჩა. სტილისტის კარიერა ყველა მათგანს სურდა, თუმცა შესაბამისი განათლების არქონის გამო, სურვილის რეალიზებას ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ ფონდმა „ტასომ“ იმ 8 ქალის მგზავრობა და თბილისში ცხოვრება, რომლებიც კურსზე დასწრებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ, სრულად დააფინანსა.

„შვარცკოფის პროგრამაში მოხვედრამდე ჩემი ძირითადი საქმიანობა დიასახლისობა იყო. არასდროს მიმუშავია, რადგან სამი წლის გოგო მყავს და მარტოხელა დედა ვარ. არ მქონდა ჩემი სწავლის დაფინანსების, ან სამსახურის დაწყების საშუალება. ძალიან მინდა, სტილისტობა გავაგრძელო და კიდევ უფრო დავიხვეწო“, - განაცხადა კურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

შერჩეულმა ბენეფიციარებმა ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლება - სულ 30 მეცადინეობა - ორი თვის განმავლობაში გაიარეს. მათ თმის მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობები - შეჭრა, შეღებვა და დავარცხნა შეისწავლეს. საბოლოო გამოცდის შემდეგ, 16 აგვისტოს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, მათ შორის 6 საუკეთესო მსმენელი კი კომპანია შვარცკოფმა ხელსაწყოებით დააჯილდოვა.

„სტილისტობა ყოველთვის მომწონდა, ამიტომაც კურსის გავლა გადავწყვიტე და ამ სფეროში მუშაობასაც აუცილებლად ვაპირებ. დიდი გეგმები მაქვს, ჯერ, ალბათ, რომელიმე სალონში ვიმუშავებ, მაგრამ სამომავლოდ, იმედია, საკუთარის გახსნასაც შევძლებ“, - აღნიშნა 28 წლის კურსდამთავრებულმა.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთ აქტივობას წამროადგენდა. აღნიშნული პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.