ქალთა გაძლიერების საკითხით მეტი კომპანია ინტერესდება

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, თავის პარტნიორებთან ერთად, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინიციატივები წამოიწყო. მათი მიზანი იმ კერძო კომპანიების ქსელის გაფართოებაა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე, დასაქმების ბაზარსა თუ თემში გენდერულ თანასწორობას უწყობენ ხელს.

კერძო კომპანიების წარმომადგელები ქალთა გაძლიერების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვაზე მსჯელობენ
კერძო კომპანიების წარმომადგენლები ქალთა გაძლიერების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვაზე მსჯელობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორები - სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ და სახალხო დამცველის აპარატი, ასევე, კერძო კომპანიების 29 წარმომადგენელი ბორჯომში ორი დღის განმავლობაში საზოგადოებასა და სამუშაო ადგილებზე მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას განიხილავდნენ. კომპანიათა წარმომადგენლებმა ცოდნა ძირითადი გენდერული ცნებებისა და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის ფორმების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ გაიღრმავეს.

„სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს შრომით ურთიერთობებსა და სამსახურში დისკრიმინაციას, მათ შორის სამსახურში მიღების შესახებ განცხადებებს და სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებს. დისკრიმინაციის რისკის მინიმუმამდე დასაყვნად ჩვენთვის კერძო სექტორთან რეგულარული დიალოგი ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა.

ამას გარდა, ივნისში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“, რომელიც მიზნად თანამშრომლობის შესაძლო სფეროების განსაზღვრას ისახავდა. ამ ფედერაციაში ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ლიდერი ქალები ერთიანდებიან. მათ საქმიანობას მეწარმე ქალებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა, კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა და მენტორობის შეთავაზება, თანასწორი შესაძლებლობების დამკვიდრების, ქმედითი მონაწილეობის, ბიზნესში ქალი ლიდერების დაწინაურების ხელშეწყობა და ა.შ. წარმოადგენს.

ქალები მომავლისათვის წარმომადგენლები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთობლივ ინიციატივებს განიხილავენ
"ქალები მომავლისათვის" წარმომადგელები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთობლივ ინიციატივებს განიხილავენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, ქალთა გაძლიერების პრინციპების: „თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ დამკვიდრების ხელშესაწყობად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ქალები მომავლისათვის“ თბილისსა თუ საქართველოს რეგიონებში, ასევე, საერთაშორისო დონეზეც, საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების (კონფერენციების, ფორუმების) ერთობლივად ორგანიზებას აპირებენ. ისინი ღირსეულ სამუშაოზე ქალების წვდომის გაუმჯობესების ადვოკატირებასა და სხვა იმგვარი აქტივობების განხორციელებასაც გეგმავენ, რომლებიც მიზნად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას დაისახავს.

„საქართველოში კერძო კომპანიებს, განსაკუთრებით იმ კომპანიებს შორის, რომელთა მფლობელებს ან ხელმძღვანელებს ქალები წარმოადგენენ, ქალთა გაძლიერების საკითხის მიმართ მზარდი ინტერესი აღინიშნება. ქალთა გაძლიერებას კერძო სექტორისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს, ვინაიდან გაძლიერებული ქალები უკეთესი თანამშრომლები, მომხმარებლები და თემის ლიდერები არიან. ქალთა გაძლიერების შემთხვევაში ყველა მოგებულია“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

აღნიშნული ინიციატივები ტარდება პროექტის „ერთობლივი მოქმედება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.