ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერება

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და ადგილობრივი ლგბტი ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ლგბტი ადამიანების უფლებათა დაცვის გაძლიერების მიზნით, კანონმდებლობასა და სხვადასხვა პროფესიონალთა გადამზადების მოდულებში ლგბტი საკითხების ინტეგრირებაზე მუშაობენ.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი ტრენინგს ატარებს
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი ტრენინგს ატრებს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპები - თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა სხვა, შემდგომ მიღებულ საერთაშორისო კონვენციებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ. ისინი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ მდგრადი განვითარებისთვის, რაც „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ (leaving no one behind) ვალდებულებაშიცაა ასახული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ქვეყანამ ეფექტიანი ზომები მიიღოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ამას გარდა, ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი 2016 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შედეგად გამოქვეყნებულ ანგარიშში ლგბტი პირებს გამოყოფს, როგორც სპეციფიურ რისკჯგუფს, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას განიცდის, რაც ძალადობის სხვადასხვა ფორმის მიმართ ამ ჯგუფის განსაკუთრებულ მოწყვლადობას განაპირობებს.

აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ, WISG-მა საკანონმდებლო ცვლილებათა შესაბამისი პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ლგბტ ადამიანების უკეთ დაცვისკენაა მიმართული. ორგანიზაციამ შეიმუშავა ტრენინგის მოდულიც, რომელიც მიზნად ლგბტ საკითხებისადმი სხვადასხვა პროფესიონალების მგრძნობელობის გაზრდას ისახავს.

10-11 და 22-23 მაისს WISG-მა ტრენერთა ორი ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განხილული იყო ძირითადი ტერმინოლოგია და განსაზღვრებები, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენა ლგბტი ადამიანებზე, ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებები, ლგბტი ჯგუფთან მუშაობის თავისებურებები.

„გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით მოგვეცა ლგბტი საკითხების ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებში ინტეგრირების უნიკალური შესაძლებლობა. იმ პირობებში, როცა სქესის, გენდერის, სექსუალობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის/გამოხატვის საკითხები საქართველოში აკადემიური განათლების ნაწილი არ არის, ლგბტი ჯგუფის ძალადობისგან დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა რგოლის სპეციალისტებს აღნიშნული ჯგუფის სპეციფიკის შესახებ ცოდნა ჰქონდეთ“,- აღნიშნავს WISG-ის დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერების ადვოკატირება და აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მუშაობა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში დაიწყო. პროგრამა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.