გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნავად გენდერული კვირეული ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვისა და ჩართულობის გასაძლიერებლად, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებებია დაგეგმილი.

UN Women Georgia marks International Women’s Day
ქალთა საერთაშორისო დღე საქართველოში 2017; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იანა ყორბეზაშვილი

6 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის წინასწარი შედეგების პრეზენტაციას გამართავს. აღნიშნული კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა. კვლევის შედეგად, ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემები გახდება ცნობილი.

7 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის, საქართველოს სავაჭრო ბირჟისა და გლობალური შეთანხმების ქსელის სამდივნოს - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ინიციატივით, თბილისი ღონისძიებას ,,დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ პირველად უმასპინძლებს. ინიციატივა ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის მისაღწევად გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

8 მარტს საქართველო პირველად შეუერთდება მსოფლიო ედიტათონს, რომელიც შვედეთის საელჩოსა და ვიკიმედიას ერთობლივ გლობალურ ინიციატივას - ვიკიგეპს ეძღვნება. ვიკიგეპი მიზნად ვიკიპედიაში ქალი რედაქტორებისა და ქალთა შესახებ შექმნილი მასალების რაოდენობის გაზრდას ისახავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს. წელს 8 მარტის მთავარ თემას „დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად“ წარმოადგენს. შემოუერთდით მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას 8 მარტს, რათა ერთად იზეიმოთ, იმოქმედოთ და შეცვალოთ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე. ამის დრო სწორედ ახლაა.