წამყვანი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერების პრინციპებს: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოსთან - არასამართავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ პარტნიორობით გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს ბიზნესსექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივების განხორციელებას მიეძღვნა და მას ბიზნესსექტორის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„საქართველო დინამიკური ქვეყანაა. ბოლო წელს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება ბიზნესში ქალთა ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ღონისძიება სხვა კერძო კომპანიებისთვისაც ამ ინიციატივაში ჩართვის სტიმული იქნება,“- განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.
იმ შვიდმა კომპანიამ, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი გასულ წელს მოაწერა, კონფერენციაზე დაგროვილ გამოცდილებებსა და მიღწევებზე ისაუბრა. როგორც სამშენებლო კომპანია M2 -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით გორგილაძემ აღნიშნა, კომპანიამ სამუშაო ადგილებზე, რომლებზეც ტრადიციულად კაცები დომინირებდნენ, ქალების დასაქმება დაიწყო. „ჩვენთან ყველა სამშენებლო მენეჯერი ქალია. ერთი წლის წინ კი ამ პოზიციას მხოლოდ კაცები იკავებდნენ“, - განაცხადა მან.
პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ჩამონათვალში წამყვანი სამრეწველო, სამშენებლო, ბიზნესსაკონსულტაციო და სასტუმრო ბიზნესში მომუშავე კომპანიები შედიან. მათ შორის არიან: აჭარა ჯგუფი, ჯეოსელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ჯეპრა, მისო, ,კრისტალი“, m2, PMO Business Consulting, დიო, მთარგმნელობითი აპარატურა პლუსი, Accor Group, ბიაიჯი, ორიენტ ლოჯიქი, Impact Hub და Profit Lab.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სიდა გენდერული თანასწორობის პრინციპების გასაძლიერებლად ბიზნესსექტორთან აქტიურ თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებენ. სამომავლო ინიციატივების განხორციელება ნორვეგიის მთავრობასთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.