ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელება ადგილობრივ დონეზე

თარიღი: ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 წელი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომდევნო ფაზის (2018-2020 წლების) შესრულების ლოკალიზაცია აღნიშნული გეგმის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

NAP localization- challenges and next steps
სამოქმედო გეგმის ლოკალიზაცია: სირთულეები და მომდევნო ნაბიჯები; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია, რომელიც სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელების კოორდინირებაზეა პასუხისმგებელი, მექანიზმების შემოღებაზე მუშაობს. აღნიშნული მექანიზმები ხელს შეუწყობს სახელმწიფო და ადგილობრივი დონეების დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს დღის წესრიგის განსახორციელებლად.

21-22 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და მშვიდობისმყოფელ ქალთა გლობალურ ქსელთან თანამშრომლობით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ლოკალიზაციის თემაზე ორდღიანი სემინარი ჩაატარა.

მონაწილეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი მიესალმნენ. მათ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებების კოორდინირებულ შესრულებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალების ჯგუფების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სემინარზე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და გენდერული საკითხების კოორდინატორები იმ 10 მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ, რომლებშიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე 101 სოფელი შედის. ასევე, სემინარს აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ამავდროულად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც გაეცნენ.

„გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის განხორციელების პოლიტიკის ლოკალიზაცია 15 ქვეყანაში მიმდინარეობს. გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის ანგარიშებში ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ №1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების წარმატებული განხორციელებისთვის ლოკალიზაცია უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას წარმოადგენს,“ - აღნიშნა მშვიდობისმყოფელ ქალთა გლობალური ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მავიკ კაბრერა-ბალეზამ. მან წარმოადგინა მაგალითებიც, თუ როგორ ხდება ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებასა და დაგეგმვაში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ვალდებულებების განხორციელების ჩართვა.

სემინარის ბოლოს მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და ხელისუფლების ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მექანიზმები შეიმუშავეს. საკუთარი თემების კონკრეტული საჭიროებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გეგმებში ჩასართავად შესაბამისი დებულებებიც ჩამოაყალიბეს.

„სემინარის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და კოლეგებთან ინფორმაციის გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის,“ - აღნიშნა გენდერული საკითხების მრჩეველმა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან ლეილა გოშაძემ.

სემინარები სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის თემაზე ნოემბერში სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებშიც ჩატარდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში 2011 წლიდან უწევს დახმარებას.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები