საქართველომ მდგრადი განვითარების 16+ ფორუმს უმასპინძლა

თარიღი:

საქართველოს მთავრობამ თბილისში მდგრადი განვითარების ყოველწლიურ 16+ ფორუმს უმასპინძლა. 25 ქვეყნის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან ურთიერთკავშირზე გაამახვილა.

SDG 16+ Forum

მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი 2030 წლის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველია. იგი მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების განვითარებაზეა ფოკუსირებული. 2016 წლის აპრილში გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციამ (WFUNA) პარტნიორებთან ერთად - მუდმივი მისიები ჩეხეთში, დანიაში, საქართველოში, გვატემალაში, სიერა ლეონეში, შვედეთში, კორეის რესპუბლიკაში, ტიმორ-ლესტეში, ტუნისსა და დიდ შვიდეულ პლუსში - 16+ ფორუმი გამართა. პლატფორმა თავს უყრის მთავრობებს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციებს, გაეროს სისტემის წევრებს, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებს, რათა მათ განიხილონ და ერთმანეთს გაუზიარონ ის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც ეროვნულ და ქვეეროვნულ დონეებზე მდგრადი განვითარების მე-16+ მიზნის განხორციელებაზე მიმართულ ძალისხმევებს უკავშირდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ფორუმის დასკვნით სესიაზე მდგრადი განვითარების მე-16 მიზნისა და ზოგადად 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებაში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „მდგრადი, მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების განვითარება პირდაპირ კავშირშია ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა ფორმით და ყველა კონტექსტში ძალადობის დასრულებასთან, დისკრიმინაციული კანონებისა და პრაქტიკის აღმოფხვრასთან, გადაწყვეტილების მიღებაში, კონფლიქტის პრევენციასა და მშვიდობის დამკვიდრებაში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის გაზრდასთან“, - აღნიშნა მან.

შემდგომი ყოველწლიური ფორუმები 16+ ფორუმის სხვა წევრ ქვეყნებში გაიმართება. SDG 16+ მოძრაობის შედეგი გათვალისწინებული იქნება 2019 წელს ნიუ იორკში დაგეგმილ მაღალი დონის ფორუმზე, რომელიც ხალხის გაძლიერების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის უზრუნველყოფას მიეძღვნება.