რეგიონზე მორგებული გამოსავლის განხილვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის

თარიღი: ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2017 წელი

პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გურიაში რეგიონზე მორგებული გამოსავლის შემუშავებისთვის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ფოტო: ეკატერინე მგელაძე

რეგიონისთვის დამახასიათებელი კონტექსტის უშუალოდ ადგილზე შესწავლის, არსებულ სიტუაციაზე მორგებული გამოსავლის მოძიებისა და კოორდინირებული მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ორივე სამიზნე რეგიონში - გურიასა და ქვემო ქართლში - კონსულტაციებს მართავს. 10 აგვისტოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები გურიაში ადგილობრივ პარტნიორებს - თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ადგილობრივი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა.

საკონსულტაციო შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე ეროვნული რეაგირების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერებაზე, სახალხო დამცველის რეგიონული ბიუროსა და სათემო ორგანიზაციების მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფუნქციების გაზრდაზე გაკეთდა. დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემა იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაგანცდილი პირებისთვის ოზურგეთში კრიზისული ცენტრის გახსნა - ძალისხმევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ერთობლივად უნდა განხორციელდეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან შეხვედრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობას „აღებული აქვს ვალდებულება, წვლილი შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში“, განსაკუთრებით კი იმ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ჭრილში, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

„რადგანაც რეგიონში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის სპეციალიზებული სამსახურები არ არსებობს, კრიზისული ცენტრის გახსნას განსაკუთრებით ველით. გვჯერა, რომ ინფორმირებულობის ამაღლებასა და შესაძლებლობების გაზიარებაზე მიმართული ინტერვენციები, რომლებიც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების მეტად გამოვლენასა და მათზე უფრო ეფექტიან რეაგირებაში“, - განაცხადა სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის გენდერის რეგიონულმა სპეციალისტმა ანა გახოკიძემ.

პროექტის სამიზნე რეგიონებში გამართული რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრების დროს მიღებული დასკვნებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ პროგრამულ ინტერვენციებს შეიმუშავებს. ეს ინტერვენციები სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს, მათ შორისაა (და არა მხოლოდ) მომსახურების მიწოდების სისტემების გაფართოება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვის/ძალადობაგანცდილი პირებისთვის, მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარება, ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ნულოვანი ტოლერანტობის მხარდაჭერა.