გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტურად პრევენციისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფის კუთხით არსებულმა ხანგრძლივმა პარტნიორობამ ახლა უკვე ფორმალური სახე შეიძინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
26 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიზანი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების, ასევე ძალადობაგანცდილი პირების უსაფრთხოების გაზრდაა.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროს უბნის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის სავალდებულო სპეციალური საოპერაციო პროცედურების (SOP) შემუშავებაში ტექნიკური დახმარება გაეწევა, რათა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე ერთგვაროვანი რეაგირება მოხდეს. ამასთან, შემუშავდება და დაინერგება ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ძალადობის განმეორებითი შემთხვევებისგან მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების უკეთ დაცვა.

ამას გარდა, მაღალი რისკის შემცველ შემთხვევებში ძალადობაგანცდილი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით, ქალებისა და გოგოების მიმართ და ოჯახში მოძალადე პირებისთვის ფეხზე დასამაგრებელი GPS მონიტორინგის სისტემების გამოყენება დაიწყება. ამასთან, პოლიციაში ოჯახში და ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული განყოფილების შექმნის შესაძებლობები იქნება გამოკვლეული.

სამომავლოდ სამინისტრო შიდა „სპეციალურ საოპერაციო პროცედურებს“ შეიმუშავებს და მათ თანამშრომლებს შორის სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის დანერგავს. შემდგომში კი დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების თემაზე ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით პერსონალისთვის დისტანციური ტრენინგიც ჩატარდება.

„სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად ზრუნავს, რათა ოჯახში, ასევე ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, კოორდინირებული და სწრაფი რეაგირება იყოს უზრუნველყოფილი. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაფორმებთ, რათა უკეთ დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს მიერ ახლახან რატიფიცირებული სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარეობს, განვახორციელოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად ეროვნულ დონეზე დადგენილი პრიორიტეტები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებას მხარს უჭერს, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაცია „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შვედეთის მთავრობისგან მიღებული მნიშვნელოვანი დაფინანსებით, ასევე ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, როგორც ერთობლივი ძალისხმევის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ ნაწილს.