საჯარო მოხელეებს სექსუალური შევიწროების პრევენციის ვალდებულება ეკისრებათ
თარიღი: ორშაბათი, 8 მაისი, 2017 წელი
საქართველოს მთავრობას საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. აღნიშნული ცვლილებები საჯარო მოხელეებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების ვალდებულებას დააკისრებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი ეკატერინე ქარდავა განმარტავს ქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას, რომელიც საჯარო მოხელეებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების ვალდებულებას დააკისრებს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
ცვლილებების შემდეგ ქცევის კოდექსის მე-15 მუხლში აღნიშულია, რომ საჯარო მოხელეები უნდა გაეცნონ სექსუალური შევიწროების განმარტებას, ასევე, დასაქმების თუ საჯარო ადგილებში მის დაუშვებლობას. ამას გარდა, მასში გათვალისწინებულია ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ვალდებულება, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირება მოახდინონ. ქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი ეკატერინე ქარდავა მე-15 მუხლის მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავს: „აღნიშნული ცვლილებების მიზანი ისეთი სამუშაო გარემოს შექმნაა, რომელშიც, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ყველას თანასწორად ექცევიან. ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულმა პირებმა იცოდნენ, თუ რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ გამოავლინონ ასეთი შემთხვევები. რეგულაციები ასევე ხაზს უსვამს მენეჯერების ვალდებულებას, რომ მათ მიუღებელი ქცევის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება მოახდინონ“, - აღნიშნავს ეკატერინე ქარდავა.
„ქცევის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პარალელურად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ელექტრონული კურსი შეიმუშავა. კურსი საჯარო სამსახურის ბიუროსთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, სახალხო დამცველის ოფისთან, პროფკავშირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პარტნიორობით შეიქმნა (კურსი განთავსებულია სახალხო დამცველის ოფისის ვებგვერდზე და მარტივადაა ხელმისაწვდომი). საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეებს რეკომენდაციაც მისცა, რომლის მიხედვითაც ეს კურსი ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყებაში უნდა დაინერგოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული კურსი უკვე ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო სასწავლო პროგრამად დანერგა