გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი დაარსდა

თარიღი: პარასკევი, 21 აპრილი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სამუშაო ჯგუფი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. იგი მიზნად საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე აქტორებს შორის კოორდინაციის გაძლიერებასა და აღნიშნული თემატიკის ირგვლივ ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაციას ისახავს.

სამუშაო ჯგუფი სახელმწიფო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება და მიზნად ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერას ისახავს.

„იმედი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი ხელს შეუწყობს საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას. ასევე, აქტორებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ უფრო ეფექტური და მდგრადი ინტერვენციების განხორციელებას დაეხმარება,“- განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

სამუშაო ჯგუფს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში უხელმძღვანელებენ. სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგი სხვადასხვა აქტორთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა. ამჟამად მასში 40-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული. წევრობა ღიაა ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მუშაობენ.